“დასავლეთისთვის მთავარი პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და არა ვადამდელის დანიშვნა”-ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

საქათველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლი მიშელმა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნა და თითქოს ყინული დაიძრა, თუმცა დღეს ერთი მხრივ ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირების აქცია მაინც გამართა, ხოლო მეორე მხრივ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია, რამაც პოლიტიკური პროცესი ისევ ჩიხში შეიყვანა.

გუშინდელ შეხვედრაზე დასახელდა კონკრეტული ვადაც, როდესაც ხელშესახები შედეგები უნდა იყოს. 2 კვირაში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვაა და მიშელს სურს, რომ კონკრეტული ხელშესახები შედეგები გამოიკვეთოს.

რა მოლოდინები არსებობს, რა არის დასავლეთისთვის მთავარი და ვის რა როლი მიუძღვის პროცესის ჩიხში შეყვანის თვალსაზრისით? – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დავით ზურაბიშვილი პასუხობს:

_ ვნახეთ, რომ გუშინ გარკვეულწილად დაიძრა ყინული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა დღეს ისევ გამწვავდა ვითარება. რისი ბრალია, რომ დღეს ისევ ჩიხში შევიდა პოლიტიკური პროცესი და მიცემულია ორკვირიანი ვადა, როცა შედეგი უნდა დადგეს, რა მოლოდინი გაქვთ, მიღწეული იქნება შეთანხმება?

_ მაინცდამაინც ოპტიმისტური მოლოდინები, რომ მქონდეს ეს შეუძლებელია. იმიტომ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს სხვადასხვა ხარისხის, მაგრამ ორმხრივ არაადეკვატურობასთან. ანუ რეალურად არცერთი მხარე არ არის კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული. ოპოზიციას უნდა გამარჯვება, ხელისუფლებას უნდა ოპოზიციის დამარცხება. ორივეს ერთმანეთის მოსპობა უნდათ და დასავლეთის მედიაციაში ამ მომენტს ხედავენ, როგორ გამოიყენენონ ეს თავისთვის. ხშირად არასწორად აფასებენ ხოლმე, თუმცა როგორც აღვნიშნე სხვადასხვა ხარისხით. ხელისუფლების პასუხისმგებლობა დაახლოებით ხუთჯერ მეტია. იმიტომ, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის კამპანიით, თავი თვითონ ჩაიყენა რთულ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ მას ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ თუ ხელისუფლება არ დანებდა… პრაქტიკულად ეს ხელისუფლების გადაბარებას ნიშნავს.

ხელისუფლებას სხვა პრობლემა აქვს. ვერ ხვდება დასავლეთი, რას სთხოვს. რთულია ეს გააგებინო. იმიტომ, რომ ეს არ ესმის ბიძინა ივანიშვილს და იქიდან გამომდინარე სხვებსაც

_ ახსენეთ ორმხრივი არაადეკვატურობა და გავყვეთ ცალ-ცალკე. ერთი მხრივ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია, რამაც ბუნებრივია ჩიხში შეიყვანა დიალოგი და მეორე მხრივ, როდესაც დაწყებულია დიალოგი, სწორია ოპოზიციის აქცია, რაც პარლამენტის პიკეტირებას გულისხმობდა?

_ კონკრეტულ მაგალითებს რაც შეეხება, ოპოზიციის პიკეტირება წესით არაფერს არ უნდა შეეცვალა, თუ ხელისუფლება არ არის „მიზეზ, მიზეზ დოს მარილი აკლია“ პრინციპით. ამის საბაბად გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ სერიოზულ საბაბად გამოყენება არ შეიძლება თუ დიალოგისთვის მზაობა იყო.

მეორეა ის, რატომ გაუჩნდა ოპოზიციას ის ილუზია, რომ ასე მარტივად დათანხმდებოდა ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს.

_ რაც შეეხება ხელისუფლებას?

_ აქ სხვა პრობლემაა – ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მთავარი პრობლემა პატიმრების თემაა. მას ჰგონია, რომ ეს პრობლემა კი არა საბაბია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რაც დასავლეთიდან იწვევს სერიოზულ შეშფოთებას. იმიტომ, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დაკავება პროკურატურის, სასამართლოს და მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ეს ყველაზე ცუდი რამეა, რაც კი შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ და რის გამოც ეს არის დასავლეთისთვის სიგნალი, რომ ავტორიტარიზმისკენ მიდის და ქვეყანა არ მიდის იმ მიმართულებით, რაც საჭიროა. ეს ნიშნავს, რომ ის არ თამაშობს იმ თამაშის წესებით, რაც მიღებულია დასავლეთში. ეს არის მთავარი პრობლემა, რასაც ხელისუფლება ვერ ხვდება.

_ ამაზე ხაზგასმა მიშელის მხრიდანაც იყო. დიალოგის პუნქტებში მართლმსაჯულების რეფორმის ჩამატება ალბათ ამას ნიშნავდა. ასე არ არის?

_ რა თქმა უნდა დამოუკიდებელი სასამართლოს და მართლმსაჯულების არავის არ სჯერა. იმიტომ არ სჯერა, რომ არ არის. ვინ დაიჯერება, რომ ეს არ ხდება პოლიტიკური მოტივით, როდესაც სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ რაღაც სანქციებს ატარებს. ეს არც დასავლეთში არ სჯერათ და არც ჩვენთან. იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. ეს არის წმინდა პოლიტიკური მოტივი და როდესაც შეეძლო ხელისუფლებას კანონის ფარგლებში დაახლოებით სამი ან ოთხნაირი გადაწყვეტილება მიეღო ისე, რომ პოლიტიკური ოპონენტი არ დაეჭირა და მან მაინც დაჭერა არჩია, ამით ყველაფერი ნათქვამია.

როდესაც ოპოზიციის არაადეკვატურობაზე ვლაპარაკობ, ჩემი აზრით ეს იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას სთხოვს თავისი ხელით ჩააბაროს ძალაუფლება. ეს არარეალისტური მოთხოვნაა. თუ ახალი არჩევნები ჩაატარა და ახალი ცესკო დანიშნა… მეტი რაღა უნდა გააკეთოს? ეს პრაქტიკულად აღიარება იქნება, რომ თქვენ მოიგეთ არჩევნები და მე გავაყალბეო, ასე არ გამოვა. ამაზე ხელისუფლება არ წამოვა. მე პირადად მომხრე ვიქნებოდი რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ არ წამოვა.

იგივე დასავლეთის მხრიდანაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები არ არის. პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიციის, უშიშროების და სასამართლოს გამოყენებაა. ეს არის მისთვის მთავარი და მე მგონი ხალხისთვისაც ეს არის მთავარი პრობლემა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...