დასაქმების და სოციალური მომსახურების სააგენტოები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, შრომისუნარიანი მოწყვლად/მიზნობრივ ჯგუფს მიკუთვნებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე გააქტიურების და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება.

მემორანდუმი ითვალისწინებს სამიზნე რეგიონებში/რაიონში მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისთვის, მათი შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისათვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებულობას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტურს გახდის.

კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფთან პირველ ეტაპზე, თბილისის ყველა რაიონში ჩატარდება, შემდეგ კი ის რეგიონებშიც გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

„სააგენტოებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, შესაბამისად დასაქმების სააგენტოს მხრიდან მათი დასაქმებაში მხარდაჭერა, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლებით, შესაბამისი უნარების შეძენითა და მხარდაჭერითი მექანიზმების ამუშავების გზით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სიღარიბიდან ამოსვლის სწორედ ერთადერთი გზა -დასაქმებაა. ამ მიმართულებით გავამყარებთ თანამშრომლობას ორ სააგენტოს შორის, რომ მაქსიმალურად დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს,“ – ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„ორ სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც შემდგომი მექანიზმების განხორციელების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის,“- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ მოაწერეს.

კომენტარები
იტვირთება...