დარსალია: მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რა არის რეალურად რუსული ოკუპაცია

“საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები: გაააქტიურა ცხელი ხაზი, მოხდა შესაბამისი კომუნიკაცია. დავუკავშირდით პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სრულყოფილად მივაწოდეთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ ადგილზე გაგვეცნო მათთვის ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, ჩვენმა პარტნიორებმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რა არის რეალურად რუსული ოკუპაცია და რა არის რეალური შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ უსაფრთხოების გაუარესებაზე, არამედ როგორ მოქმედებს ჰუმანიტარულ ვითარებაზე და როგორ აუარესებს კონკრეტული ადამიანების მდგომარეობას”.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ გუგუტიანთ კარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთ კარში, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

ელჩები ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად ჩავიდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე დეტალურად ეცნობიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...