დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ყალიბდება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.

 პროექტი ითვალისწინებს კანონში არსებული შინაარსობრივი და ტექნიკური ხარვეზების ცვლილებებსა და დაზუსტებებს. არსებული ტერმინოლოგია შესაბამისობაში მოდის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

 კანონპროექტით ხდება მითითება, რომ მომსახურების შესახებ არასწორი ცნობების გავრცელება, რომელიც არასწორ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს - მიიჩნევა არაკეთილსინდისიერ კონკურენციად. დგინდება თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ან დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვის სამართლებრივი საფუძვლები.

 მომხსენებლის განმარტებით, ჩნდება ახალი სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც დგინდება სანქციის გამოყენება იმ ეკონომიკური აგენტის მიმართ, რომელიც სააგენტოს ხელს უშლის ადგილზე შემოწმების განხორციელებაში საქმის მოკვლევის პროცესში. ასევე, დასაშვები ხდება შემოწმების პროცესში სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე  მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.

პროექტის თანახმად, ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილების პირის არდაშვების ან შემოწმების პროცესში ხელის შეშლისთვის დგინდება ჯარიმები.