დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტორულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც არქიტექტორთა სერტიფიცირების საკანონმდებლო რეგულირებას შეეხებოდა.

კანონპროექტით წესრიგდება საქართველოში დამოუკიდებელი არქიტექტორული საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. განისაზღვრება არქიტექტორთა პროფესიული პასუხისმგებლობები, მათ შორის, ზოგადი უფლებები და ვალდებულებები. რეგულირდება არქიტექტორთა ტესტირების, სერტიფიცირების, რეგისტრირების წესი და პირობები.

რომან კაკულია: „ სხდომაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა არქიტექტორთა საქმიანობა და მათი სერტიფიცირება. განვიხილეთ ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც არსებობს ამ სფეროში. თავის მხრივ, თბილისის მერიას აქვს ინიციატივა, რომელიც არქიტექტორთა სერტიფიცირების საკანონმდებლო რეგულირებას შეეხება. შესაბამისად, დღეს მოვისმინე არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილი ინიციატივაც. ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, რომ მერიის წინადადებები და არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა თუ ძირითადი პრინციპების დონეზე დაემთხვევა ერთმანეთს, ნამდვილად არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ცვლილებების შემთხვევაში კი, პრობლემა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ცენტრალიზირებულად დარეგულირდება. აუცილებლად გავმართავთ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციებს თბილისის მერიასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, არქიტექტორთა კავშირთან და დარგის ექსპერტებთან.“

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ, დღესვე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონის პროექტიც განიხილა. საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს შენიშვნები და მოსაზრებები კანონპროექტთან მიმართებაში და როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ აღნიშნა, აუცილებლად შედგება ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად იქნებიან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

საბჭოს სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებებიც განიხილეს.

წარმოდგენილი ცვლილებები კოდექსის მე-7 თავს, ქალაქმშენებლობითი ღონისძიებებს შეეხება. სხდომაზე აღინიშნა, რომ არსებობს მრავალი საკითხი, რომლებიც „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო კოდექსში“ უნდა აისახოს.

სწორედ ამ მიზნით მუშაობს კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, სადაც დარგის ექსპერტები, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები და ურბანისტები არიან გაერთიანებული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...