დარეჯან ცხვიტარია: როგორც რომისკენ მიდის, ისევე მიდის მიშა სააკაშვილისკენ ყველა გზა!

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას განსაკუთრებული წარსდგენა არ სჭირდება. ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მისთვის დამახასიათებელი არაორდინალური განცხადებების და კომენტარების წყალობით მოხვდა. როგორც „აიპრესთან“ ჰყვება, სამშობლოს უზომო სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება ბაბუას დამსახურებაა, რომელიც ისე ვერ იტანდა რუსეთს, რომ ოთხი ვაჟიშვილი რუსის ჯარში რომ არ წაეყვანათ, ოთხი ძროხა და ოთხი კამეჩი დათმო.

როგორც პოლიტიკოსი, წლებია ყურადღების ცენტრში ხართ, არ კარგავთ აქტუალობას, როგორ ახერხებთ ამას?

ყოველთვის ვიცი სად უნდა ვიდგე! სადაც აღმშენებლობაა ყოველთვის იქ ვარ და ალბათ ამან განაპირობა. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უზომოდ უყვარს. ვთვლი, რომ ჩემი  მიწა-წყალი არის ჩემი სულის და ხორცის ნაწილი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინრე ქართველი ერი ჩიხიდან არის გამოსაყვანი და ვიბრძვი უკეთესი მომავლისთვის.

როგორ გახდით პოლიტიკოსი,რატომ აირჩიეთ ეს გზა?

შეიძლება ითქვას, ძალიან შორი გზიდან მოვდივა. ეროვნული მოძრაობიდან დაიწყო ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა. ვარ 9 აპრილის მონაწილე, ვიბრძოდი ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ძალიან დიდ პოლიტიკოსად არ ვთვლი თავს, ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში თავისი ქვეყანა უყვარს. სხვათაშორის ბაბუაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის ამ გზის არჩევაში, რადგან ის ძალიან პატრიოტი ადამიანი იყო. ოთხივე ვაჟი არ გაუშვა რუსის ჯარში. ამბობდა, როგორ შეძლება მნგრეველი, აღმშენებელი იყოსო, საბჭოთა კავშირი არასოდეს არ იქნება ჩემი ქვეყანაო. სულ იხსენებდა ერთი ძროხა და ერთი კამეჩი დამიჯდა თითო შვილის დარჩენაო, მაგრამ თუ საჭირო გახდა საბრძოლველად, მე თვითონ წავუძღვები მათო. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ყოველთვის მინერგავდა თუ რა არის პატრიოტიზმი, სისხლში უნდა გადიოდეს სამშობლოს სიყვარული და გულთან უნდა მოდიოდესო. შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი ეს განავრცო და გააღვიძა  ჩემში.

ზვიად გამსაურდიას შემდეგ, თქვენი პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა. რა საერთო დაინახეთ მათში?

სხვათაშორის ძალიან ბევრი მსგავსება ვნახე. ის იდეები, რაც ზვიად გამსახურდიას გააჩნდა ქვეყნის კეთილდღეობისთვის და წინსვლისთვის, იმ იდეების გამგრძელებელია მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის სახურავზე დაკავების კადრების ნახვის დროს,  საკრებულოში იმდენად ცუდად გახდით, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.  საკააშვილის შეხვედრებზე დასასწრებად, რამდენჯერმე საზღვარგარეთ გაემგზავრეთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის მიმართ  ფანატიკურად ხართ განწყობილი…

 არ ვარ ფანატიკოსი. მიყვარს ის ადამიანი, ვინც ჩემი ქვეყნისთვის თუნდაც ერთ კენჭს ლამაზად დადებს, ვისაც ხელეწიფება და შეუძლია ამ ქვეყნის მწვერვალზე აყვანა .  კორუფციის მორევში იყო საქართველო ჩაფლული, ყველაფერი დანგრული იყო და  სააკაშვილმა ჭაობიდან ამოიყვანა, სახელმწიფოდ აქცია. ამის უარყოფა ვის შეუძლია?!  რა თქმა უნდა იყო შეცდომები, თვოთონ მიშაც ამბობს ამას. ადამიანურ რესურსთან გვქონდა რაღაც შეცდომები, რადგან როეფორმას ყოველთვის მოჰყვება უფრო მეტი დადებითი, ვიდრე უარყოფითი მხარე, მაგრამ ის უარყოფითი პატარა ერში ყოველთვის  ყვირის. რაც შეეხება უკრაინაში მიშას დაჭერას, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვი, რომ ცუდად გავხდი, ძალიან იმოქმედა. შემდეგ ხალხმა როგორ ახსნა ბორკილები და როგორ გაანთავისუფლა, ეს ყველამ დაინახა. მთავარი ჯილდო არის ხალხის სიყვარული. ოლიგარქი და ვიღაცეები მუდამ იმას ცდილობენ ჩირქი მოსცხონ, იმიტომ რომ შურთ მისი, ბოღმა ახრჩობთ. კი მაგრამ ეს სიყვარული ძალით ხომ არ შეიძლება, ძალით შემიყვარეო მიშა სააკაშვილს ხომ არ უთქვამს ჩემთვის. მისი განვლილი გზით, საქმიანობით, თავდადებით შეაყვარა ხალხს თავი.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრაზე, ერთ-ერთ ემიგრანტ ქალბატონთან ერთად  გაკეთებული სატელევიზიო კომენტარის შემდეგ, თქვენი პოპულარობა ერთი ორად გაიზარდა. თუ არ ვცდები მეორე ქალბატონიც ფოთელია..

ის ქალბატონი, მანანა გოგინავა ფოთელია.ზვიადისტობის დროიდან ვმეგობრობთ. რამდენიმე წლის წინ წავიდა ამერიკაში და გიდად მუშაობს იქ. დიდი ხნის უნახავი მყავდა, რომ დამინახა გაოცდა, გაგიჟდა, ჩემი დარეჯანიო და რომ მეხვევა, მელაპარკება ისე გამოჩნდა პირველი არხი. მეკითხებიან ემიგრანტი ხართო, ვპასუხობ: არ ვარ ემიგრანტი, მაგრამ ჩემი ოთხივე შვილი საზღვარგარეთაა და ჩამოვედი ჩვეულებრივად, არ მქონდა უფლებათქო? როგორც რომისკენ მიდის ყველა გზა, ისევე მიდის მიშკა სააკაშვილისკენ ყველა გზა.

რას ფიქრობთ „გაევროპელებულ“ „ნაციონალებზე“, თქვენი აზრით რატომ გაემიჯნენ სააკაშვილს?

ვინც ყველაზე მეტს აშავებდა ”ნაციონალრ მოძრაობაში“ ის ხალხი გამოეყო ზუსტად. პირდაპირ ვიტყვი და მეტ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ, წერტილს დავუსვამ. ვისაც ყველაზე დიდი შეცდომები მოსდიოდა, აი ზუსტად ის ხალხი მოშორდა მიშას. იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები გაარკვია მიშამ და არ უნდოდათ შემდეგ მასთან ყოფნა, რადგან მიშა ცოტა სხვა რეაგირებას მოახდენდა ამაზე.

ხშირად არის საუბარი, ცენტრალური ხელისუფლება ფოთს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და შესაბამისად ქალაქი ვერ ვითარდება. უარყოფთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება „ნაციონალების“ დროს არ იყო?

ფოთი რასაც იმსახურებდა, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ბიუჯეტი რომ არ არსებობს ისეთ დროს რომ მოხვალ, რა უნდა გააკეთო. ჩვენთვის პრიორიტეტი საინვესტიციო გარემოს შექმნა იყო .ჭაობზე ხო გავაშენეთ ერთი ქალაქი _ ახალი რაიონი. რაც უფრო მეტს აკეეთებ, კიდე უფრო მეტი გინდა. ეს ქალაქი უფრო გაცილებით ბევრს იმსახურებს, რადგან ამ ქალაქს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ეს არის საქართველოს კარიბჭე.

ბოლოს, ვისაუბროთ სანდრა რულოვსზე. როგო ფიქრობთ რატომ უნდა გახდეს ზუგდიდის მერი და აქვს თუ არა გამარჯვების შანსი?

ძალიან დიდი შანსი აქვს გამარჯვების, რათქმა უნდა თუ არ მოხდა ისევ გაყალბება, კრიმინალების ჩარევა, ხალხის დაშინება, მოსყიდვა და ასე შემდეგ. სხვათა შორის საპარლამენტო არჩევნებშიც მოიგო სანდრამ, მაგრამ საარჩევნო ყუთი მოიპარეს, უბნები  დაარბიეს, კრიმინალები ჩართეს და უბრალოდ მეორე ტურში არც მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა ხმების 30% მაინც აიღო. ხალხი ოფიციალურად ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას და 5-7%-ის მეტს ვერ იღებს. სანდრა ნამდვილად მისაბაძი ქალბატონია, მას იმდენად უყვარს ეს ქვეყანა, რომ იმსახურებს გახდეს ზუგდიდის მერი. მეგრული ისწავლა, ეს ხომ უდიდესი პატივისცემაა. მთელი წლების მანძილზე ცხოვრობდნენ აქ რუსები და ისე წავიდნენ ერთი სიტყვა არ იცოდნენ ქართულად. ზოგიერთი მეგრელიც კი თაკილობს მეგრულად საუბარს, რომ სვეტობენ თბილისში და ვითომ მეგრული არ იცან, არ ეხერხებათ. ეს ქალი პირიქით, პატივისცემით მოეკიდა ამას. ეს არის უზარმაზარი სიყვარულის გამოხატვა.  “,-განაცხადა “აიპრესთან” ინტერვიუში დარეჯან ცხვიტარიამ.

სტატიის ავტორი ანა ჯახაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად