“დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის წარსულთან დაკავშირებით პარლამენტში მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა მოკვლევის ჯგუფის შექმნა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარსულთან  დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იგი სილქნეტის იურიდიულ კონსულტანტად.

„თქვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ბევრად უკეთესად ასრულებთ თქვენს ფუნქციას, ვიდრე დანარჩენი საპარლამენტო პარტიული ოპოზიცია, რომელმაც ქუჩა აირჩია. მათგან განსხვავებით თქვენ ხართ ბიუროზე, ხართ ფორმატებში და ოპონირებას გვიწევთ, რაც მისასალმებელია. მესმის თქვენი ემოციების, მაგ ლოგიკაში გამოგყვებოდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მე შეგახსენებთ ოდირის დასკვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. თქვენ საუბრობდით მოკვლევის ჯგუფებზე და ცალკე მოსმენების გაკეთებაზე. მე შეგახსენებთ, რომ ოდირმა გააკეთა შემდეგი შეფასება, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არა მოსამართლეების შესარჩევად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენაო – აი ეს წერია სიტყვასიტყვით ოდირის დასკვნაში. შესაბამისად, ამ საარჩევნო წელს, როდესაც არის ასეთი უთანხმოება, მათ შორის ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე, მე ნამდვილად არ მაქვს იმის რწმენა, რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული მოკვლევის ჯგუფი, თუ სხვა რომელიმე ჯგუფი, იქნება ობიექტური შემფასებელი რომელიმე პროცესის“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელთა საპასუხოდ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ განცხადებას დღევანდელი პლენარული სხდომის ბოიკოტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ყველა წარმატებული კომპანიაა დაინტერესებული ყოფილი მთავარი პროკურორი ჰყავდეს თავის კომპანიაში იურისტად.

“ასე ხდება ყველა ქვეყანაში, შტატებში, დასავლეთში და ნებისმიერ პირობას თანხმდებიან ხოლმე, აქ კი ოპოზიციამ ორი დღეა ამით „შექმნა აპოკალიფსი”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტმა დღევანდელ პლენრულ სხდომაზე ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე 6 წლის ვადით აირჩია.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად