“დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას საქმის კეთების შესაძლებლობა მოგვეცით” – ინტერვიუ მიხეილ ქუმსიშვილთან

„აიპრესი“ წინასაარჩევნო ფარგლებში თბილისის მერობის კანდიდატებთან ინტერვიუს სერიას იწყებს იმის გასარკვევად თუ რა არის მათი პროგრამული ხედვა და რას გააკეთებენ მერობის შემთხვევაში. ჩვენ პლატფორმას ვთავაზობთ ყველა კანდიდატს, ვინც სურვილს გამოთქვამს. ჩვენი პირველი რესპონდენტი კი „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია.

რატომ გადაწყვიტა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში შესვლა, სადაც აშკარა ფავორიტები გამოკვეთილია? რისი შეცვლა უნდა თბილისში და რას გააკეთებს მერობის შემთხვევაში? აქვს თუ არა პროგრამა და რაზე აკეთებს აქცენტს? – ამ და სხვა საკითხებზე პასუხებს  მისი ინტერვიუდან გაიგებთ.

_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ კენჭი გეყარათ იმ ფონზე, როდესაც არიან გამოკვეთილი ფავორიტები? ამის გათვალისწინებით რა შანსი გრჩებათ?

_ გამოკვეთილი კანდიდატები რომ არიან, ეს იდეაში არაფერს ცვლის, რადგან მე მათ ხედვას არ ვეთანხმები. თუ კანდიდატები არ მიმაჩნია შესაფერისად ამ თანამდებობაზე და არიან გამოკვეთილი კანდიდატები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა არ უნდა იყოს. პირიქით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არჩევანის საშუალება თბილისის მოსახლეობისთვის, მით უფრო ინფორმირებულ და გააზრებულ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი.

_ მე ვგულისხმობ შანსს, იმისათვის, რომ მოიგოთ არჩევნები?

_ მე კამპანიაში ვარ ჩართული და დაწყებული მაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, ჩემი ხედვები და პრეზენტაციები და 2 ოქტომბერს გამოჩნდება, რამდენად საჭიროა ახალგაზრდა კანდიდატისთვის მხარის დაჭერა, რომელიც დაბადებულია დამოუკიდებელ საქართველოში და რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა არის თავისუფლების ფასი. რომელიც ვერ ეგუება დღემდე საბჭოთა მეთოდებით ქვეყნის და ქალაქის მართვას. ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე მერობისთვის ბრძოლა. მინდა, რომ ახალი სისხლი და ახალი პოლიტიკა შემოვიტანო. მუდმივი მოჯადოებული წრე მინდა შევცვალო, რომლითაც იცვლებიან პოლიტიკოსები, მაგრამ არ იცვლება პოლიტიკა. მინდა, რომ ჩემი პოლიტიკა საშუალო და დაბალ ფენებზე იყოს მორგებული. მიმაჩნია, რომ თბილისი ყველასთვის უნდა იყოს შესაძლებლობების ქალაქი და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც გააჩნია ფული და გავლენები.

_ პროგრამა თუ გაქვთ და სად შეგვიძლია მისი ნახვა?

_ პროგრამა ჯერჯერობით არ მაქვს დოკუმენტური სახით, მაგრამ ვაპირებ, რომ მოკლე ვიდეო მიმართვების სახით გავაკეთო და ჩემი პროგრამის ძირითადი მიმართულებები ასე გავაცნო საზოგადოებას.

_ ერთი თვეც აღარ არის დარჩენილი არჩევნებამდე და არ გვიანდება?

_ ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდები მივიტანო ამომრჩევლამდე ჩემი სათქმელი. დაგვიანებით არ გვიანდება, 3 კვირაა წინ. სხვა კანდიდატებსაც არ აქვთ ჯერჯერობით პროგრამა გამოქვეყნებული.

_ ყველასთან მაქვს იგივე კითხვა.

_ მესმის, მაგრამ არ არის აუცილებელი პროგრამა დოკუმენტურად იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ გაიგოს შენი დამოკიდებულება ამა თუ იმს საკითხთან დაკავშირებით და მოისმინოს, რის გაკეთებას აპირებ. თანამედროვე და ორიგინალური ფორმით მინდა მივაწოდო ეს ინფორმაციები ჩვენს ამომრჩეველს და 5 წუთიანი ვიდეოების სახით ვისაუბრებ სხვადასხვა თემატიკაზე, როგორიც არის გამწვანება, სოციალური პრობლემატიკა, უმუშევრობა, ახალგაზრდული პოლიტიკა, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

_ რის გაკეთებას აპირებთ? მაგალითად როგორ გადაწყვეტთ უმუშევრობას, რაც არის „ლეიბორისტებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი? როგორ აპირებთ მერობის შემთხვევაში, გადაწყვიტოს ეს პრობლემა?

_ იცით რა? კონკრეტული გეგმის წინასწარ დაანონსებისგან თავს შევიკავებ. მირჩევნია, ჩემი ვიდეოდან გაიგოს ამომრჩეველმა. თუმცა, გეტყვით იმას, რომ მერიისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ შექმნას ისეთი საინვესტიციო და მიმზიდველი გარემო ქალაქში, რომლის შესაბამისადაც ინვესტორი შემოვა და არა პირიქით – გაიქცეს. ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო და არ უნდა ხდებოდეს ქუჩებში ძალადობა და დევნა, რაც რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ.

_ ეს მე მგონი სხვა სამსახურების კომპეტენციაა. მერმა როგორ უნდა გადაწყვიტოს?

_ პირველ რიგში მერის კომპეტენციაში შედის, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. გამოვიდეს და მინიმუმ მოუწოდოს, რომ ძალადობა არ შეიძლება, დასჯადია ეს და არა პირიქით, დუმილით წახალისება ხდება. როდესაც ქაოსია ქალაქში, ბუნებრივია, რომ ინვესტორი არათუ შემოვა, არამედ პირიქით – გავა. შესაბამისად მერის ქმედებებსა თუ განცხადებებს დიდი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად.

მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებს არავითარი ხელშეწყობა არ აქვთ და პირიქით იჩაგრებიან იმით, რომ მონოპოლისტური ბიზნესები ვითარდება და ნელ-ნელა ყლაპავენ მათ. უნდა მოხდეს მათი წახალისება და სუბსიდირება, თუნდაც ბაზრებში მომუშავე პერსონალის, რომლებიც ბაზრის მფლობელებს დიდ თანხას უხდიან ქირაში. უნდა შევუმსუბუქოთ მუშაობის სპეციფიკა.

პირველ რიგში უნდა გაჯანსაღდეს გარემო. ავიღოთ ე. წ. დეზერტირების ბაზარი, რომელიც ანტისანიტარიის ბუდეა და იქ ადამიანი არ შევა პროდუქტის საყიდლად, თუ მართლა გაჭირვებაში არ არის. ქალაქის მერის კომპეტენციაშია, რომ ის ტერიტორია მოწესრიგდეს, აღარ იყოს ანტისანიტარია და ადამიანს იქ მისვლა უხაროდეს. იმიტომ, რომ მათ შორის ბაზარში სიარული თბილისის კულტურის ნაწილია. პროდუქტის ყიდვის გარდა ის არის ურთიერთობის და კომუნიკაციის ადგილი. შესაბამისად, მცირე მეწარმეებს მეტი შეღავათები უნდა ჰქონდეთ თუნდაც გარემო პირობების კეთილმოწყობის თვალსაზრისით მაინც.

_ სატრანსპორტო პოლიტიკას რაც შეეხება, აქ რა ხედვები გაქვთ?

_ ისევ და ისევ კონკრეტული დეტალიზაციისგან თავს შევიკავებ. ზოგად დამოკიდებულებას გეტყვით, როგორი უნდა იყოს. კონკრეტულ საკითხზე, პრეზენტაციები მექნება სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში. სატრანსპორტო პოლიტიკა იქნება ჩემი პრიორიტეტი, რათა პრიორიტეტი მიენიჭოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებს. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ მეტი დაფარვის ზონები ჰქონდეს, ამასთანავე იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი. თუ ამ კომპონენტების დაკმაყოფილებას შევძლებთ, მივიღებთ მეტად მოტივირებულ ადამიანებს, რომ საკუთარი მანქანები დატოვონ სახლში.

_ გეგმავთ იგივე მეტროს განვითარებას, ან ტრამვაის გაკეთებას?

_ იცით რა? 30 წლის განმავლობაში მხოლოდდამხოლოდ ერთი მეტროსადგური აშენდა თბილისში, რაც უხერხულია იმ ქალაქში, სადაც მეტროს დაფარვის ზონა მაქსიმუმ 40%-ია. ამიტომ, ცივილიზებულ ქალაქზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. მესმის, რომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ არ არის აუცილებელი მიწისქვეშა მეტრო გაკეთდეს. მიწის დაბურღვა ჯდება ძვირი და თავისუფლად შეიძლება მიწისზედა მეტროები გაკეთდეს. ასეთი პროექტები „კომუნისტების“ დროსაც კი იყო და მიღებული ფორმაა ევროპულ ქალაქებშიც. მინდა, რომ გრძელვადიანი გეგმა შევთავაზო თბილისს, რომლის ფარგლებშიც დაიწყება მეტროს განაშენიანება.

_ ანუ გაგრძელება? მაგალითად ვარკეთილიდან ვაზიუბნისკენ, ან დიდუბიდან დიღმისკენ?

_ თუნდაც, დიდუბე-დიღმის პროექტი არსებობს, უბრალოდ არავინ არ არის ყურადღების მიმქცევი. იმიტომ, რომ მოქმედ მერს დიდად არ აღელვებს გარეუბნებში მაცხოვრებელი ადამიანები. მისთვის პრიორიტეტულია ე. წ. ელიტები – ვაკე, ვერა თუ საბურთალოზე მაცხოვრებელი ხალხი.

_ ცენტრის მერია კალაძე?

_ კი, დაახლოებით ასე გამოდის.

_ ახსენეთ კახა კალაძე და მან მერობის კანდიდატები გამოგიწვიათ ნარკოტესტის გაკეთებაში, თავად კი დღეს უკვე გაიკეთა. იღებთ გამოწვევას?

_ მე არავითარი პრობლემა არ მაქვს ნარკოტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ყველამ ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კახი კალაძემ, რაც გააკეთა, ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, ამით უნდა, რომ ხალხს დაანახოს, როგორი სპორტსმენია თვითონ. რეალურად კი სპორტსმენის ადგილი არის სპორტში, პოლიტიკაში კი პოლიტიკოსების ადგილია. მისი იაფფასიანი პოპულიზმი, რასაც სავარაუდოდ მისი 44 პიარმენეჯერი ურჩევს, რომლებიც ჩვენივე ჯიბეებიდან ფინანსდებიან, საბოლოო ჯამში მიმართულია არა საქმისკენ, არამედ კალაძის ქულების ჩაწერაზე. მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ჩემი მხრიდან ამ ინციატივას აქტუალობა შევძინო.

_ ანუ არ აყვებით?

_ ერთ რამეს ვეტყვი კახი კალაძეს. მზად ვარ მივიღო გამოწვევა ერთი პირობით, თუ თვითონაც მიიღებს ჩემგანაც გამოწვევას. როდესაც ჩავიტარებთ ნარკოტესტს, შემდეგ კორუფციაზე ჩავიტაროთ ტესტი – დავადგინოთ, ვინ არის ჩართული კორუფციაში და ვინ – არა, ვინ იპარავს ხალხის ფულს და ვინ – არა. ამ ტესტში ნამდვილად ჩაიჭრება კახა კალაძე. რაც შეეხება მის პოპულიზმს, არ მინდა მისი ამ პოპულიზმის შემადგენელი ნაწილი გავხდე.

_ როგორც ვხედავ კონკრეტულ დეტალებზე პროგრამულ ნაწილთან დაკავშირებით არ საუბრობთ. თუ რამე გაქვთ სათქმელი ამომრჩევლისთვის, მიმართეთ.

_ საკმაოდ ბევრი დეტალი გითხარით, იმის მიუხედავად, რომ არ ვაპირებდი.

ერთი რამე მაქვს სათქმელი მოქალაქეებისთვის – ჩვენ თუ გვინდა ცვლილებები იყოს, ამისთვის საჭიროა, რომ ახალ ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეს ცვლილებები მოგვიტანონ. თუ ერთი და იგივე წრეზე მოსიარულე ადამიანებს ავირჩევთ ხელახლა, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლება. თუ გვსურს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელი თბილისის შესაბამისი ქალაქი შევქმნათ, მაშინ აუცილებელია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას მივცეთ შესაძლებლობა, რომ აკეთოს საქმე ისე, როგორც ეკადრება და შეეფერება თბილისელებს. დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია. მე დარჩენილ პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებ მათთან კომუნიკაციას და ჩემ კამპანიას.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...