დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის მამა, ქირურგი კონსტანტინე ყოფიანი საზოგადოებას მიმართავს

“თბილისის ცენტრალური სააავადმყოფოს” (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) დაკვებული ექიმის ვახატანგ ყიფიანს მამა, ქირურგი კონსტანტინე ყოფიანი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს,

“ვინაიდან უამრავი ჩემი კოლეგა, მეგობარი, პაციენტი და უცნობი ადამიანი მიკავშირდება, მეკითხება პირველ რიგში თუ როგორ ვგრძნობ თავს და მერე გამოთქვამს სურვილს თანადგომის, გადავწყვიტე გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი და ჩემი ოჯახის პრობლემები.

მინდა დიდი თანაგრძნობა გამოვუხატო პაციენტის მშობლებს, რა თქმა უნდა, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს. მინდა ვთქვა, რომ პირველი დღიდან, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა მე ვიყავი საქმის კურსში ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა რომ ოპერაციული ჩარევა არ იყო დაწყებული.

45 წელია ვმუშაობ ქირურგიის ერთ-ერთი რთული მიმართულებით, რომელსაც ჰქვია სისხლძარღვთა ქირურგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ. მერწმუნეთ, ყოველთვის ვაანალიზებდი იქნებ სხვანაირად გამეკეთებინა ჩარევა, იქნებ მე დავუშვი შეცდომა. ეს მარტო ჩემი არა, დამიჯერეთ, ყველა ქირურგის ხვედრია. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ასეთი სულისკვეთებით ვზრდიდი ჩემს მოწაფეებს და რა თქმა უნდა უფრო მომთხოვნი ვიყავი ჩემი შვილისადმი.

ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია იყო მოსმენა პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ თითქოს „ვახტანგ ყიფიანი თაღლითია“ და არა ის, რომ ვახტანგი დააპატიმრეს. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია!

მეორე დღეს როცა სამედიცინო საზოგადოება და მე შევხდით მინისტრს, ვისაუბრეთ არა მარტო ვახტანგზე, არამედ იმ ხარვეზებზე რაც არის დაკავშირებული ლიცენზირებასთან და დავსახეთ კონკრეტული გეგმები, როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომ აღარ განმეორდეს შემდეგში ასეთი შეუსაბამობა. განხილვის შემდეგ ქალბატონმა ეკატერინემ დაადასტურა რომ ვახტანგი გაუგებრობის მსხვერპლია, ჩემზე ბედნიერი იმ წუთებში ალბათ არავინ არ იყო. მე ნაკლებად მადარდებდა რომ ის იყო დაკავებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ვახტანგს უახლოეს ხანში გამოუშვებდნენ ციხიდან და საქმე გადავიდოდა ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში.

ამ დღეებში გამოხატული საექიმო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია არა ვახტანგის უსაფუძვლო დაკავებამ, არამედ ექიმებმა დაინახეს, რა დიდი რისკის ქვეშ შეიძლება იყოს თითოეული მათგანი, გაუგებრობამ, როგორი უსამართლობის მსხვერპლად შეიძლება აქციოს ისინი. ექიმის საქმიანობა ისედაც წარმოადგენს უდიდეს რისკს, ნებისმიერი ჩარევა შეიძლება არ დამთავრდეს დადებითი შედეგით სხვადასხვა მიზეზის გამო და თუ ექიმს აქვს შეგრძნება დაუცველობის, მერწმუნეთ პირველ რიგში დაზარალდება პაციენტი.

მე და ჩემი კოლეგები ვეცადეთ რომ თავიდან აგვეცილებინა საკითხის პოლიტიზირება, რადგან ვხვდებოდით, აქ პოლიტიკური მიმართულებისთვის მყარი ნიადაგი მოიძებნებოდა. მე მადლიერი ვარ ყველა პოლიტიკოსის, რომელიც გაგებით შეხვდა ამ საკითხს და დღეის მდგომარეობით ეს მიღწეულია.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს ჩემი ცხოვრებისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს ხანში ვახტანგს გაათავისუფლებენ წინასწარი პატიმრობიდან და სასამართლოში გამოჩნდება სიმართლე. შემდეგ ეტაპად, ჩემი კოლეგების დახმარებით, მხედველობაში მაქვს დარგობრივი ასოციაციები, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშავოთ საკანონმდებლო ბაზაზე, რომ სხვაც არ გახდეს მსგავსი უსამართლობის მსხვეპლი” – წერს კონსტანტინე ყიფიანი.

ცნობისთვის, 2020 წლის 8 აგვისტოს“რკინიგზის საავადმყოფოს” დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 5 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “თბილისის ცენტრალური სააავადმყოფოს” (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გათავისუფლდა, ხოლო ექიმ ვახატანგ ყიფიანს და მაგდა ხოჭოლავას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მაგდა ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, “თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეორივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.

ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220¹-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია თბილისის პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად