დაღუპული ფეხბურთელის ბიძა: ავტომაგისტრალზე გიორგის და მის მეგობართან ერთად კიდევ ორი პირი იყო

დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ავტომაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა ტრაგედიის მეორე ეპიზოდია და იქ გიორგი შაქარაშვილისა და მისი მეგობრის გარდა კიდევ ორი პირი იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ “რეაქციაში” ისაუბრა და განაცხადა, რომ იქ მყოფ ერთ-ერთ პირს მოუვიდა კონფლიქტი საშველად გამოძახებულ პირებთან, რამაც წარმოშვა საფრთხე და ამიტომ გაიქცნენ დასამალად გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი გუკა ამირხანაშვილი.

“გიორგის მეგობართან ყველაზე მეტი კითხვა იყო, რატომ არ მოხდა ოჯახის ინფორმირება. პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ ბავშვი იყო ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, ურეკავდა გიორგი თავის მობილურზე, რომელიც გათიშული ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიდა რამდენიმე საათი და მიხვდა, რომ ბავშვი არ ჩანდა, მხოლოდ მას შემდეგ შეეხმიანა ოჯახს და საქმის კურსში ჩააყენა. მასთან არსებობდა თავიდან სერიოზული პრეტენზიები, მაგრამ არავის არ ეცალა მისთვის და ყველაფერი გადართული ვიყავით გიორგის ძებნაზე.

ვიცით, რომ ყველა პირია გამოკითხული ვინც იმყოფებოდნენ წვეულებაზე, საიდანაც ეს ტრაგედია დაიწყო. ჯერ კი არ ვიცით, კონკრეტულ პირებს აქვთ თუ არა მონაწილეობა მიღებული მის გარდაცვალებაში, მაგრამ ეს რომც არ გამოიკვეთოს ეს ვითარება ხომ განაპირობა ზოგადმა ძალადობრივმა გარემომ?! დადგენილია, რომ ბავშვებს შორის მომხდარ შელაპარაკებაში გიორგი არ მონაწილეობდა.

რაც შეეხება დამალვის ეპიზოდს, ეს უკვე მეორე ეპიზოდია, რაც ხდებოდა ავტომაგისტრალზე. 2 მანქანა ჩავიდა, ესენი არიან საშველად გამოძახებული პირები, ერთ-ერთი იქ მყოფი ბავშვისგან, რომელიც იყო კონფლიქტის მონაწილე. იმიტომ შეეშინდათ გიორგის და მის მეგობარს, რომ მათთან მყოფ ერთ პირთან დაიწყეს მანქანიდან გადმოსულებმა ფიზიკური თუ სიტყვიერი კონფლიქტი, ეს ზუსტად არ ვიცით. როგორც ჩვენთვის ცნობილია არა მხოლოდ მესამე, არამედ მეოთხე პირიც იმყოფებოდნენ. აქედან იმ ოთხ პირს, გიორგი და მისი მეგობარი არ იცნობდნენ. იქ გაიცნეს წვეულებაზე.

საფრთხის შეგრძნება ჰქონდათ და ეს გახდა საფუძველი, რომ ბავშვი გაქცეულიყო თავის დაღწევის მიზნით. ეს დეტალები უნდა თქვას გამოძიებამ, ზუსტად არ ვიცი მე და მეც გადმოცემით ვიცი ეს, რომ ამ დაპირისპირება გახდა გიორგის და მისი მეგობრის მიმალვის საფუძველი”, – განცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს.  დღეს კი შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად