დაღესტნის სამუფტომ მაღაზიებში დაგროვილი ღარიბების ვალები გადაიხადა

ამის შესახებ, რელიგიური ორგანიზაციის ოფიციალურ ინსტაგრამზე დგამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რეგიონალური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან

დაღესტნის სამუფტომ რესპუბლიკის ქალაქების და რაიონების მაღაზიებში თვითიზოლირების პერიოდში ღარიბი მოსახლეობის მიერ დაგროვილი ვალები გადაიხადა.

მედიის ცნობით, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “ოჯახის გამოსაკვებად საჭირო სახსრების გარეშე დარჩენილი ბევრი მცხოვრები შეიქმნა იძულებული ადგილობრივ გასტრონომებში ნისიად შეეძინა საქონელი. დაღესტნის მუფტის თანაშემწე მუხამად მუკოშდიბიროვმა დაფარა ამ ადამიანთა ვალები (დაღესტნის ცუმადინის რაიონში)”

ანალოგიური აქციები ჩატარდა ქალაქებში ხასავიურტში, ყიზლარში, აგრეთვე ნოვოლაკსკის, ხასავიურტის და ყიზლარის რაიონებში.

სამუფტოს შეტყობინების თანახმად, აქციას ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეურთდნენ.

“სოფელ ენდირეიში სამუფტოს წარმომადგენლებმა ხელმოკლე მცხოვრებთა ვალები გადაიხადეს. როგორც ვიცით, პანდემიის დროს არსებული მძიმე მდგომარეობის შედეგად, ბევრი ადამიანი იყო იძულებული, ნისიად არა მხოლოდ პროდუქტები შეეძინა გასტრონომში, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლებიც აფთიაქებში. ამ წმინდა თვეში (რამადანი – მუსულმანთათვის სავალდებული მარხვის თვე) ხასავიურტის ერთ-ერთი აფთიაქის მეპატრონემ ყველა მოვალეს აპატია ვალი და შეჭირვებულებს ყოფა შეუმსუბუქა”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

გარდა ამისა, სამუფტოს წარმომადგენლებმა რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებს გადასცეს ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, რაც, ექიმთა თქმით, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მათ ექიმებს აგრეთვე მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს და სასურსათო ნაკრები გადასცეს.

ცნობისთვის, დაღესტანში კორონავირუსით ინფიცირებულია 3280 და გარდაცვლილია 27 კაცი. რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტი ინფიცირებული მხოლოდ მოსკოვში, მოსკოვის ოლქში, სანკ-პეტერბურგში და ნიჟეგოროდის ოლქშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად