დადიანების სასახლესთან ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

ზუგდიდში, "დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმთან“ ბრენდირებული სასტუმროს ასაშენებლად ზუგდიდის მერია ინვესტორს ეძებს.

ზუგდიდის მერიამ დადიანების სასახლესთან 12 001 კვადრატული მეტრი მიწის ფართი გასაყიდად აუქციონზე უკვე გამოიტანა. საწყისი ფასი 1 500 000 ლარით განისაზღვრა.
პოტენციური ინვესტორი ვალდებული იქნება სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, შენობა-ნაგებობა კი უნდა ჩაჯდეს კომპოზიციურად საერთო სივრცეში და არქიტექტურულად უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის ისტორიულ გეოგრაფიულ განვითარების მაჩვენებელს. ინვესტორს ასევე მოუწევს პროექტის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმება.

„აიპრესთან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი წინადადება ზუდიდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტერიტორიაზე უნდა აშენდეს სასტუმრო, რომელიც არქიტექტურულად დადიანების სასახლეთა კომპლექსის შესაბამისი უნდა იყოს.

“ქალაქის მერია წარმოდგენილ წინადადებას პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზებს. კონკრეტულად კი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლია განთავსებული ანუ ძველი სტადიონის ტრიბუნების ადგილი იყო, მერიამ შეიმუშავა წინადადება ამ ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით და მოგვმართა ქალაქის საკრებულოს, დასამტკიცებლად. ვიმსჯელეთ, ფაქტობრივად ეთხმად იქნა მიღებული წინადადება იმის შესახებ, რომ ამ ფართობზე განთავსდეს სასტუმრო კომპლექსი”, – განაცხადა ქვარაიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე არ ეთანხმება ადგილობრივი ოპოზიციის მოსაზრებას, რომ თითქოს მიწის ნაკვეთის მყიდველი, პოტენციური ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია და აუქციონზე მიწის ნაკვეთის გატანა მხოლოდ ფორმალური მხარეა.

„არასერიოზულია კულუარულ მოლაპარაკებებზე ვისაუბროთ. ეს არის პროექტი, რომელიც გათვლილია ქალაქის განვითარებაზე. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს იქნება ზუგდიდის ცხოვრებასა და განვითარებაში ახალი ეტაპი. წინადადება გადის აუქციონზე, ბუნებრივია, აუქციონში მონაწილეობის უფლება ეძლევა ყველა ინვესტორს, სადაც საუკეთესო პროექტი გაიმარჯვებს.

რაც შეეხება იმას ვინ იქნება ინვესტორი, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა ვინმე, მე პირადად მივესალმები ყველა ინვესტორს და ძალიან გამიხარდება თუ ბიძინა ივანიშვილი რამე ფორმით მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და სასარგებლო ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა ქვარაიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად