დადგება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი?

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დროს შეწყალების საკითხზე გამოძიება დაიწყოს.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს ყველა ამ შეწყალებული პირის, მათი ადვოკატების და ოჯახის წევრების კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, დადგინდეს რა ნიშნით შეირჩა შეწყალებულ პირების გვარები, ხომ არ იყო ნეპოტისტური, კორუფციული კავშირი. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ეს უკვე იმპიჩმენტის საფუძველს ქმნის.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი ხდება კონსტიტუციის დარღვევა, ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ისეთი პირიც შეიწყალა, რომელიც დღემდე ძებნილია. პრეზიდენტის შეწყალებები არ მოსწონთ „ქართულ ოცნებაში“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად