დადაევის ჩვენება: 3 გასროლის შემდეგ ნემცოვი ადგომას ცდილობდა

რუსული მედია რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულის ზაურ დადაევის ჩვენების ასლს აქვეყნებს. დადაევი გამომძიებლებთან აცხადებს, რომ ნემცოვს სულ 6 ტყვია ესროლა, აქედან 3 ტყვია ზურგში. 

"ნემცოვი და მისი მეგობარი გოგონა სეირნობდნენ. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ ხიდს, სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი. გზაში არავინ შემხვდა, ამიტომ ადგილი და დრო მკვლელობისთვის იდეალური იყო. ნემცოვი ჩემგან ხელმარჯვნივ მიდიოდა და ისინი ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ.

10 მეტრის მოშორებით ამოვიღე პისტოლეტი და გადავტენე… ამის შემდეგ პისტოლეტი მარცხენა ხელში გადავიტანე და 5 მეტრის სიშორიდან ნემცოვს ზურგში სამჯერ ვესროლე და გადავრეკე ბისლანთან(შავანოვი – რედ.) და მივეცი ნიშანი, რომ მოვიდეს. ნემცოვი დაეცა და გოგოც მიყვა, მერე ვნახე რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ცდილობს ადგომას, საბოლოო ჯამში კიდევ 2-3 გასროლა განვახორციელე. არც მკვლელობამდე და არც მკვლელობის შემდეგ ფული არავისგან არ მიმიღია. ფული არ მჭირდებოდა, მეს ეს ალლაჰისთვისგავაკეთე, რადგან ნემცოვი შეურაცხყოფას აყენებდა წინასწარმეტყველ მუჰამედს",-აღნიშნავს დადაევი ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს გამართულ სასამართლოზე, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ხუთივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოზე აღიარებითი ჩვენება არ მიუციათ. რაც შეეხება ჩვენებას, დადაევმა ადვოკატთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩვენება მისგან წამების შემდეგ მიიღეს.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. 55 წლის პოლიტიკოსი მოძრაობა "სოლიდარობის" და პარტია "პარნასის" ლიდერი იყო. ცნობილია, რომ ბორის ნემცოვი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ ოპოზიციურ აქციაში, "გაზაფხულის მარშში" აპირებდა მონაწილეობის მიღებას. ნემცოვის ხსოვნის მარში 1 მარტს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად