დაბზარული კედლები, მოძველებული ინფრასტრუქტურა – რა მდგომარეობაა თელავის ბაგა-ბაღში (ფოტორეპორტაჟი)

ამორტიზებული იატაკი, დაბზარული კედლები და მოძველებული ინფრასტრუქტურა – ასეთი მდგომარეობაა თელავის მერვე ბაგა ბაღში.

სკოლამდელი დაწესებულების მშობლები აცხადებენ, რომ ბაღი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, ვინაიდან სასწავლო ოთახებში არ არის შესაბამისი გარემო მათი შვილებისათვის.

“მართლია მოწესრიგებულია და ნორმალური სიტუაციაა სველ წერტილებსა და სამზარეულოში, თუმცა ამას ვერ ვიტყოდით ოთახებზე, სადაც ჩვენ შვილებს თითქმის ნახევარი დღის გატარება უწევთ. ჭერი ძალიან ძველია, კედლები დაბზარულია და იმდენად არის გაფუჭებული, რომ ყოველდღიურად ნალესი სცვივა. შესაცვლელია იატაკიც, ადგილ-ადგილ ამოყრილია პარკეტი. ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები”,- განუცხადეს “აიპრესს” მშობლებმა.

მათი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართეს შესაბამისი განცხადებით, სადაც ითხოვენ 2019 წლის ბიუჯეტში ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის გამოყოფას.

თელავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თინათინ ხანჯალიაშვილი აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი 2019 წელს ბაღის სრული რაებილიტირების საკითხზე.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტში გაწერილია წიგნების, სათამაშოების და ავეჯის შეძენა ბაღებისათვის და მათ შორის იქნება მერვე ბაგა-ბაღიც.

“დავიწყოთ იქიდან, რომ მერვე ბაგა-ბაღის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სერიოზული თანხები სჭირდება მის კაპიტალურად შერემონტებას. სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება და აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რათა თელავის მერიის 2019 წლის ბიუჯეტში გამოიყოს შესაბამისი თანხა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ წელს ჩვენ ყველა ბაღში შევიტანეთ სრულიად ახალი ჭურჭელი, გამოიცვალა სამზარეულოს ინვენტარიც. ამჟამად მერვე ბაღში მიმდინარეობს სასაწყობე ოთახის რესტავრაცია, რათა საუკეთესო პირობებში ინახებოდეს საკვები. 2019 წელს პირადად ბაღების გაერთიანების ბიუჯეტში გაწერილია თანხები ყველა საბავშვო ბაღისთვის ახალი წიგნების, სათამაშოების და ავეჯის შესაძენად და მათ შორის იქნება მერვე ბაღიც. ასევე ტენდერი დასრულებულია უკვე და გამარჯვებული კომპანია იწყებს ბაღებში ატრაქციონების მონტაჟს. დაახლოებით ორ კვირაში მერვე ბაღის ეზოში განთავსდება კიდევ ერთი ატრაქციონი, მეტს ფიზიკურად ვერ დაიტევს მერვე ბაღის ეზო.” – განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას ხანჯალიაშვილმა.

       

   

   

   

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად