“დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ფაქტობრივად შიმშილისათვისაა განწირული” – ინტერვიუ რომან გოცირიძესთან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაანონსებული შეზღუდვები 1 თებერვალს არ მოიხსნება და 1 მარტამდე გაგრძელდება. მისი მხოლოდ ნაწილი მოიხსნა, მათ შორის დედაქალაქს მხოლოდ მოლების და მაღაზიების გახსნა შეეხება. ისევ დახურულია რესტორნები და კაფე-ბარები, ისევ ძალაში რჩება კომენდანტის საათი და რაც მთავარია, ისევ დახურულია ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ღარიბი ადამიანები ისევ შიმშილის ზღვარზე არიან.

ტრანსპორტი გაიხსნა რეგიონებში, არ იმოძრავებს მხოლოდ შაბათ-კვირას. თბილისის მსგავსად ეს არც რუსთავსა და ქუთაისს შეეხო. ამას გარდა სამთო კურორტებიც ისევ დახურულია.

მთავრობის გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა. გაჩნდა იმის ეჭვი ხომ არ არის ამ ყველაფერში პოლიტიკური კომპონენტიც. რამდენად ეთანხმება ან არ ეთანხმება მთავრობას გადაწყვეტილებაში, ამ თემაზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საუბრობს:

_ ვნახეთ მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რაღაცები შემსუბუქდა, მაგრამ თბილისში ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლილა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და რას გამოიწვევს ეს სოციალური თვალსაზრისით თუ ბიზნესის მხრივ?

_  ხელისუფლებამ ოქროს შუალედში უნდა გაიაროს, რისი უნარიც არ გააჩნია. იმიტომ არის ასეთი კატასტროფული შედეგები, რაც ქვეყანამ მიიღო ამ პერიოდში. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა ერთ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშების თვალსაზრისით როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების კუთხით. ამ მხრივ ყველაზე ცუდი სახელმწიფოების რიგებში ვიმყოფებით.

ამ ვითარების დარეგულირებას სჭირდება არა მხოლოდ შეზღუდვებით მოგვარება, არამედ პარალელურად გააქტიურება ჯანდაცვის ეფექტიანობის მხრივ. ტესტირებებით ვერ დგინდება რეალური სურათი და რეალურად მეტია შემთხვევები. მით უმეტეს არ ჩანს მისი მოგვარების რეალური კომპონენტები. იგივე ვაქცინის შემოტანა და ა. შ.

_ ბიზნესმენებმა უკვე მოუწოდეს მთავრობას შეზღუდვების მოხსნისაკენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ შეზღუდვების მოხსნა უაზრობა იქნებოდა. შევხედოთ რა ხდება მსოფლიოში, ამიტომ მოწოდება იმის თაობაზე, რომ ჩემი რესტორანი არ გაიხსნა, არ არის სწორი. ნუ გვავიწყდება, რომ რესტორნები იმიტომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომ 9 მილიონი დააკლდათ ტურისტების სახით. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის რისკის ფასად რაღაც ობიექტების გახსნა კი არაა სწორი, არამედ ისეთი შემსუბუქებები, რომელიც ნაკლებად მოახდენს ინფექციის გაზრდაზე ზემოქმედებას.

_ ტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია, მაგრამ ის მაინც არ გაიხსნა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. ამაზე როგორია თქვენი შეფასება?

_ ტრანსპორტს რაც შეეხება, როცა ტრანსპორტი ჩაკეტილია ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ავტომობილების მფლობელები სარგებლობენ გადაადგილების უფლებით. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ფაქტობრივად შიმშილისათვის არის განწირული. სოციალურადაც უსამართლო გადაწყვეტილებაა. ამიტომ ტრანსპორტი უნდა აღდგეს, მაგრამ მკაცრი კონტროლის ქვეშ და უნდა იყოს შესაბამისი სასჯელიც და ამას არ უნდა მოერიდონ.

მაგალითად მე ხშირად მიწევს ტაქსით მგზავრობა და რამდენჯერაც შევეკითხე მძღოლებს, რომ ჩაიტარა თუ არა გრიპის უფასო აცრა, პასუხი იყო უარყოფითი. კერძო კლინიკებში 80 ლარამდე ღირს, მაგრამ მთავრობა და ჯანდაცვის სტრუქტურები იხვეწება. გამყრელიძემ თქვა, რომ ოთხკომპონენტიანი 20 000-მდე დოზაა. ვისაც მოუწოდებენ არავინ არ მისულა. სამაგიეროდ მათ ფაქტობრივად იძულებით ჩაუტარდებათ ტესტირება 2 კვირაში ერთხელ. როდესაც ნებაყოფლობით ტესტირების გავლა ახლაც შეეძლოთ. მაგრამ ალბათ არავინ არ მივიდა.

შესაძლოა ჩემი 4-5 გამოკითხვა არ იყოს სრულყოფილი ინფორმაციის მომტანი, მაგრამ რადგანაც სავალდებულო ტესტირება დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა იყო ამ მიმართულებით. სწორია ეს გადაწყვეტილება. ლიბერალური მიდგომებით ვერ გავამართლებ იმას, რომ რა კავშირშია ლიცენზიასთან გაიკეთებს თუ არა მძღოლი ტესტირებას. კავშირშია. ეხება მათ უსაფრთხოებას, ვინც მათი მომხმარებლები არიან. ამიტომ ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროს ხელისუფლებამ. მეტი რაოდენობით უნდა მოხდეს კონტროლი და ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესება.

როდესაც ბევრი ტესტს არ იკეთებს, მაშინ ღირსია, რომ დაჯარიმდეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ლოიალობა საჭირო არ არის. როდესაც არ იკეთებენ ტესტს ან პირბადეს ეს ნიშნავს სხვა ადამიანების დაყენებას რისკის ქვეშ, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ მისი პირადი არჩევანი. ამიტომ სანქციებიც საჭიროა. არ არის რთული პირბადის გაკეთება, ეს პასუხისმგებლობაა.

_ პოლიტიკოსების ნაწილმა პოლიტიკური კონტექსტიც დაინახეს. ამ გადაწყვეტილებაში. თქვენც ხომ არ ხედავთ? იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე ფონია და შესაძლოა ხელისუფლებას ეშინია აქციების. თქვენ ეს ვერ დაინახეთ?

_ არა. პოლიტიკური კონტექსტი თუ არის ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც ვინმე გამოვა ქუჩაში და მას ხელშეშლა ექნება. ვარაუდი ყველაფრის შეიძლება, მაგრამ დღეს ეს კონტექსტი არ არის. სამომავლოდ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა იყოს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად