დაბა ურეკისა და შეკვეთილის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, დაბა ურეკისა და შეკვეთილის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

დაბა ურეკის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოაგილემ კახა ფოცხიშვილმა და შემსრულებელი კომპანიის – „არტ სტუდიოს“ არქიტექტორმა გიორგი სულაბერიძემ წარმოადგინეს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, დაბა ურეკის განაშენიანების გენერალური გეგმაზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ფოცხიშვილი განმარტავს, გეგმარებითი დავალების შემუშავებაში დამკვეთთან და სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. საკრებულომ დოკუმენტი გამგეობასთან ერთად განიხილა. პროექტი მოწონებულია ტურიზმის ეროვნული დეპატრამენტის მიერ. 

„ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელშიც გააზრებულია წინასაპროექტო ეტაპზე მოძიებული და შემუშავებული ინფორმაცია. წარმოდგენილია ზოგადი ზონირება ტურისტულ – სარეკრეაციო კომპლექსის სამომავლო განვითარების შესახებ. განხილვა გრძელდება და საჯარო ფორმითაც ჩატარდება. ურეკის განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ბიზნესმენები, დაინტერესებული მსხვილი ინვესტორები, მესაკუთრეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“ – აღნიშნა კახა ფოცხიშვილმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. გეგმის განხორციელების შემდეგ ურეკი გაცილებით უფრო მიმზიდველი და კომფორტული კურორტი გახდება. უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა სამთო კურორტის – გომისმთის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე“_ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. 

ურეკი-შეკვეთილის ტურისტული სარეკრიაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შ.პ.ს. „არტ სტუდიოს“ მიერ შემუშავდა და ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველი და მეორე ეტაპთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შესაბამისი ნორმატიული აქტები უკვე მიიღო, ხოლო მესამე ეტაპს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...