დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების საპროექტო მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის მიზნით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 20 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 ათასი ლარია.

კონკურსში გამარჯვებული კომპანია შეიმუშავებს დაბა სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს, ასევე – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

დაბა სურამის განვითარების მიზნით ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის შესამუშავებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მთავრობის №1953 განკარგულების საფუძველზე დაევალა.

1948 წელს სურამი რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. უნიკალური ბუნებრივი კლიმატი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა დაბას ადვილად მისადგომს ხდის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის. სურამში ბევრი კულტურული ძეგლია, რომელიც ტურისტებისთვისაა საინტერესო.

განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია – საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის – არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად