დაარღვია თუ არა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის უფლებები?! – ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ფაფას იღებს, რაც საფუძველი გახდა ხელისუფლებისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის თქვან, რომ სააკაშვილის შიმშილობა “ფეიქია”.

დაარღვია თუ არა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის უფლებები ამ კადრების გავრცელებით? – ამ და სხვა საკითხებზე “აიპრესთან” ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს:

_ პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე გამოაქვეყნა კადრები. როგორ არის განსაზღვრული ეს კანონმდებლობით და დაირღვა თუ არა კანონი და ხომ არ სცნობს კანონი გამონაკლის შემთხვევებს?

_ მე ვეცდები, რომ ყველაზე ნაკლებად ჩემი პოზიცია გითხრათ.

ამ საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე ვიდეოგამოსახულების გავრცელების კანონიერებაზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. მეორე, იმავე სახელმწიფო ინსპექტორის ვებ-გვერდზე გზამკვლევში ძალიან კარგი განმარტებაა ვიდეოგამოსახულების გავრცელებასთან დაკავშირებით და შავით თეთრზე წერია, რომ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილების პირებისთვისო და არა საჯაროდო.

აქვე მოვიშველიებ ინსპექტორის გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გასულ წელს თეა წულუკიანთან დაკავშირებით, როდესაც მან გაავრცელა სახალხო დამცველის წარმომადგენლის და ერთ-ერთი პატიმრის ამსახველი კადრები. მაშინ სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა კანონმდებლობის საფუძვლის გარეშე ვიდეოგამოსახულების გავრცელებისთვის.

_ რომელ პატიმართან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს გულისხმობთ?

_ აქ პატიმრის სახელი და გვარი არ არის მთავარი. ხომ გახსოვთ, სახალხო დამცველთან მისი პაექრობა რომ იყო პარლამენტში? მაშინ რომ გაასაჯაროვა კადრები ხომ გახსოვთ, როდესაც ომბუდსმენს მიმართა, ნახეთ რას ჰგავს თქვენი წარმომადგენელიო. იმ ფაქტზე იუსტიციის სამინისტროც და პენიტენციური სამსახურიც დააჯარიმა, რადგანაც აშკარა იყო დარღვევა.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე კადრები ისევ იმ დაჯარიმებულმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. იმედი მაქვს, რომ არც ამჯერად დაახანებს სახელმწიფო ინსტიტუტის კანონშესაბამისი პასუხი.

პერსონალური მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობით დაწყებული მისი გამოსახულებით დამთავრებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტად ხდება დაცული სხვადასხვა საერთაშორისო აქტით და მათ შორის ჩვენი კანონმდებლობაც იცავს.

_ როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მაშინაც არ შეიძლება მისი გამოქვეყნება და კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ცნობს?

_ გამონაკლისებს რა თქმა უნდა ცნობს, მაგრამ უნდა განისაზღვროს რა არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს უნდა ახსნან. სხვა შემთხვევაში თუ ხდება საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება? – ეს არის მთავარი. ანუ, პერსონალური მონაცემების მთავარი პრინციპია პროპორციულობა და სარწმუნო ინფორმაციის გავრცელება. როდესაც ავრცელებ ვიდეოგამოსახულებას და არ აწვდი სწორ და სანდო ინფორმაციას და ტერმინოლოგიურად მანიპულირებ… როდესაც ის [მიხეილ სააკაშვილი] იღებს რაღაცას ექიმების რეკომენდაციით, ეს ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება ჩაითვალოს ზუსტად კანონშეუსაბამო ქმედებად. იმიტომ, რომ კვლავ ვიმეორებ – მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის არა ვიდეოგამოსახულებით დაკმაყოფილებადი ინტერესი, არამედ სათანადო და სარწმუნო ინფორმაციით შეიძლება ამ მიზნის მიღწევა, რომელიც როგორც ჩანს უბრალოდ არც სცადა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ, რაც ძალიან სამწუხაროა.

_ ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ მაღალი ალბათობით ეს იყო კანონდარღვევა?

_ იცით რა? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რადგანაც ხელისუფლება არ საუბრობს ამაზე, ჩვენ უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია საზოგადოებას. პენიტენციურ სისტემაში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია – №35 ბრძანება, რომლითაც დადგენილია სასჯელაღსრულების სისტემაში ვიდეოთვალის და ჩანაწერების განხორციელების წესი. ამ 35-ე დადგენილებით დასაშვებია მხოლოდდამხოლოდ ე. წ. „ლაივ“ ვიდეო მეთვალყურეობა და ჩაწერა და დაარქივება განსაკუთრებულ შემთხვევებში და დასაბუთებული ბრძანებით. თავისივე ნორმატიული აქტითაც კი არ არის გათვალისწინებული გავრცელება.

კადრებში ზუსტი იდენტიფიცირება რთული იყო, მაგრამ თავიანთი ბრძანებითაა გათვალისწინებული, რომ სამუშაო ადგილის ვიდეო მეთვალყურეობის შემთხვევაში ყველა თანამშრომელი წერილობით უნდა იყოს გაფრთხილებული და ამასთანავე თუ ვიზიტორი მოხვდება ამ სივრცეში მისთვის გამაფრთხილებელი აბრა უნდა იყოს აღნიშნული. ეჭვი მაქვს, რომ ესეც არ არის საერთოდ გაკეთებული.

ბოლოს ვიტყვი, რომ იმავე პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობით ის დაწესებულება, რომელიც ვიდეო თვალთვალს ახორციელებს, ვალდებულია, რომ აწარმოოს კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით ე. წ. მონაცემთა კატალოგი და იგი უნდა იყოს რეგისტრირებული, რათა წარედგინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის საიტზე დევს ეჭვი მეპარება, რომ რუსთავის №12 ციხეში ასეთი კატალოგი არც არსებობს და შესაძლოა რეგისტრირებულიც კი არ იყოს. შესაძლოა ესეც გახდეს სახელმწიფო ინსპექტორის მოკვლევის და რეაგირების საგანი, რაც სისტემურ რეაგირებას და მოწესრიგებას საჭიროებს.

P.S. ინტერვიუს ჩაწერის მომენტში მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ ჰყავდათ გადაყვანილი გლდანის ციხეში. ამ საკითხზე შეფასებებს “აიპრესი” ცალკე მასალად შემოგთავაზებთ. 

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...