CRRC “ევრაზიის ინსტიტუტის” გამოკითხვის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს

"ევრაზიის ინსტიტუტმა" დღეს გამოკითხვის შედეგები წარადგინა, რომლის თანახმად, გამოკითხულ 1718 მოქალაქის უმრავლესობა ნატო-სა და აშშ-ის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ გამოკითხვის შედეგებს ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები და მომხრეები დაესწრნენ. როგორც გაირკვა, “ევრაზიის ინსტიტუტმა” კვლევითი ორგანიზაციის გარეშე, თავად განახორციელა კვლევა.

 ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძე კი აცხადებს, რომ  გამოკითხვა ობიექტურად და პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა.

„გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 1718-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 825 მამაკაცი და 875 ქალბატონი იყო. ჩვენ ვიწვევთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება გამოკითხვის შედეგებში, რომ ხელმეორედ ჩავატაროთ. კვლევის შედეგები ჩემი აზრით იყო არაერთგვაროვანი. იმავე ტიპის გამოკითხვა ჩვენ 2012 წელსაც ჩავატარეთ. ტენდენცია არის ისეთი, რომ საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტი ადამიანი განეწყო უარყოფითად აშშ–სა და ნატოსადმი. კერძოდ, უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ნატო საქართველოს სათანადოდ არ ეხმარება, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ახორციელებს“,- განაცხადა გულბაათ რცხილაძემ, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის პრეზიდენტი კობა თურმანიძე. როგორც მან "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, მსგავსი კვლევების ჩატარება საჭიროებს მრავალწლიან გამოცდილებას. 

“მანქანა რომ გამოუშვას ვიღაცამ და არ იყოს ცნობადი ბრენდი, გასაგებია, რომ ნდობა არ იქნება არ ორგანიზაციის მიმართ. თვითონვე თუ ჩაატარეს კვლევა, ეჭვი მეპარება, რომ ეს იყოს საფუძვლიანი.  პირველი ცდით ეს კარგად არავის გამოსდის, საჭიროებს გამოცდილებას. 1700 კაცი მე შემიძლია გამოვკითხო ისე, რომ იყოს განზოგადებადი საქართველოზე 20-ჯერ დიდ ქვეყანაზე და შეიძლება ისე გამოვკითხოთ, რომ საერთოდ არ იყოს განზოგადებადი ამ 1700 კაცის გარდა, ამიტომ ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

ჩვენ თითქმის ყველა გამოკითხვაში არის მსგავსი კითხვები, 2007 წლიდან ვახორციელებთ ამ კვლევებს. არც ერთ წელიწადს არ დადასტურებულა, რომ ხალხი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. უმრავლესობა მომხრე რომ არ იყოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მე ვამბობ ისეთ კვლევებზე, რომლის სიზუსტე არის საკმაოდ მაღალი, ზოგჯერ 1 ან 1.5% განზოგადობა აქვს ქვეყნის მასშტაბით.

უკანასკნელი კვლევამ, რომელიც ერთი წლის წინ ჩატარდა, იგივე აჩვენა, რა სასწაულები მოხდა ამის შემდეგ, არ ვიცი. ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, არასდროს ყოფილა 60%-ზე ნაკლები მომხრე”,-განაცხადა კობა თურმანიძემ.

გამოკითხვის მეთოდოლოგია და სხვა მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე არის განთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად