COVID 19-ით ინფიცირების ამ ტემპს, საქართველოს სამედიცინო სექტორი გაუძლებს” – ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

რამდენი ხანი გაგრძელდება საქართველოში კრიტიკული პერიოდი, დადგება თუ არა ქვეყანა საყოველთაო კარანტინის წინაშე, როდის უნდა ველოდოთ კოლაფსს ჯანდაცვის სისტემაში?!- ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „აიპრესთან“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს რომ ახლა, საქართველოში კრიტიკული პერიოდია, რაც 2-3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მთავარი ინფექციონისტის თქმით, ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველო ინიფიცირებულების და გარდაცვალების რაოდენობით 50-ე ადგილზეა.

“დარჩი სახლში”- თუ ამ წინადადებას გავშლით, მაშინ ეს ნიშნავს, ყველა იმ შეზღუდვის და რეკომენდაციის გათვალისწინებას, რომელიც გაცემულია 21 აპრილამდე.

კატეგორიულად ავარიდოთ თავი შეკრებებს, მათ შორის ყველასთვის ისეთ ძალიან მნიშვნელოვან შეკრებას, როგორიც არის ღამის ლიტურგია.

აქაც მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, მრევლის, ცალკეული ეპარქიების გადასაწყვეტია ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ ჩემი მტკიცე რეკომენდაციაა, არ წავიდეთ ეკლესიებში ღამე, დავრჩეთ სახლში, სახლიდან ვადევნოთ თვალ-ყური საეკლესიო რიტუალებს.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი ამ ეტაპზე საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის განვითარების სცენარი, მრევლის ხელშია.” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თენგის ცერცვაძის განცხადებით, როგორ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენს მრევლი, ამაზეა დიდად არის დამოკიდებული თუ რა მოხდება ხვალ. თუმცა, ეს არ არის ყველაფერი. არსებობს საყოფაცხოვრებო პირობები, რამაც შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ეპიდემიის გავრცელებაში ან შეზღუდვაში.

თენგიზ ცერცვაძე: გავუფრთხილდეთ იმას, რასაც საქართველომ მიაღწია დიდი შრომის ხარჯზე, მონდომებით, უაღრესად სწორად გათვლილი საპასუხო ღონისძიებების სწორად და ეფექტურად გატარებით, სამედიცინო სექტორის, ექიმების დაუღალავი შრომით და პროფესიონალიზმით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ძალიან ცოტაა დღეს საქართველოში ინფიცირებული რიცხვი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. დავითვალე და ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველო ინიფიცირებულებულთა და გარდაცვალების რაოდენობით 50-ე ადგილზეა.

ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიც არის მონაკო და ვატიკანი…, ეს უნდა შევინარჩუნოთ! ეს დიდად არის დამოკიდებული როგორ პასუხისმგებლობას გამოიჩენს მრევლი, მაგრამ არა მარტო მრევლი, მთელი სამოქალაქო საზოგადოება.

ეს  გამოიხატება, შეზღუდვების შესრულებაში – არ გავიდეთ სასაფლაოზე, არ ვიაროთ მანქანით, ქუჩებში არ მოვაწყოთ შეკრებები, არ წავიდეთ სტუმრად ამ დღეებში. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის გამოვიდეთ გარეთ სურსათის ან მედიკამენტების შესაძენად. სხვა ყველაფერი შეიძლება რამდნიმე დღით გადავდოთ.

ახლა არის საქართველოსთვის კრიტიკული პერიოდი, რაც სავარაუდოდ, გაგრძელდება 2-3 კვირა, როცა უნდა გადაწყდეს, საქართველო შეინარჩუნებს ამ მსოფლიო მასშტაბებით გათვალისწინებულ ინფიცირებულთა ძალიან მცირე და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობას, თუ ჩვენთანაც ეპიდემია მიიღებს გავრცელების ისეთ დრამატულ სახეს, ისეთი არა კონტოლირებადი გახდება, როგორიცევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფორმაცია რომ საქართველო ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობას მალავს, ზღაპარია.

„აიპრესთან“ იტერვიუში ექიმი  აცხადებს,  რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ინფიცირებულების და გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის გამჭირვალობით.

თენგიზ ცერცვაძე: ზღაპარია, რომ სახელმწიფო დაინფიცირებულების რაოდენობას მალავს. პირიქით, საქართველო არის ყველაზე ტრანსფარენტული, ევროპის ქვეყნების დონეზეა ჩვენთან გამჭირვალობაც. ამიტომ არის, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები, ამერიკა, ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაცია, თქვენ რა გგონიათ მათ რამე გამოეპარებოდათ რომ ვმალავდეთ?! ათასი თვალი გვიყურებს, ათასი მაკონტროლებელი გვყავს, არა ყველა კეთილ განწყობილი, ერთი შემთხვევა რომ დაგვემალა ამასობაში, ეს ფაქტები დაიდებოდა და მთელი ჯანდაცვის ორგანიზაცია ილაპარაკებდა.

პირიქით! საქართველოს ყველა თვლის სამაგალითოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,იგივე მთელი რიგი წამყვანი ევროპული სახემლწიფოების ჯანდაცვის ხელმძღანველობამ ცალსახად გამოხატეს ნდობა, და ის რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რაც ასევე მოიცავს შემთხვევების ტრანსაფარენტულობას.
მე პირადად, ჩემი თავით ვაგებ პასუხს იმაზე რომ არაფერი არ არის დამალული! ერთი ერთში ვუშვებთ ინფორმაციას“-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა “აიპრესთან” სისხლის პლაზმით მკურნალობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სისხლის პლაზმით უმკურნალებენ მათ, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს:

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ ვმუშაობთ პლაზმით მკურნალობაზე. ეს არ არის მარტივი. სათქმელად არის ადვილი გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა გადაესხას ავადმყოფს, თუმცა, ეს სინამდვილეში ძალიან რთული პროცესია.

დონორი უნდა იყოს შესაფერისი, მას უნდა ჰქონდეს დამცავი ანტისხეულები შრატში, წინააღმდეგ შემთხვევაში გადასხმას აზრი არ ექნება, თუ არ შეიცავს საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით დამცავ ანტისხეულებს. ეს უნდა მომზადდეს, ყველანაირად უნდა გაისინჯოს პლაზმა. ხომ არ არის ეს დონორი სხვა დაავადების მატარებელი, რაც პლაზმის გადასხმისას წინააღმდეგ ჩვენებას გამოიწვევს. შემდეგ უნდა შეირჩეს ავადმყოფი, რომელიც მთელი რიგი პარამეტრებით შეთავსებადი უნდა იყოს ამ დონორის პლაზმასთან.

ყველაფერი ამის შემდეგ ხდება გადასხმა, რაც სათქმელად მარტივია, რეალურად ძალიან ძნელია, რაზეც მეტყველებს ის რომ ეს მეთოდი მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში მასობრივი ვერ გახდა. ყველგან ერთეული, ათეული გადასხმის შემთხვევებია და არა მასობრივი.

ჩვენ წინ ვართ ამ მიმართულებით. უკვე ჩვენ აღებული გვაქვს რამდენიმე დონორი, აღებული გვაქვს პლაზმა, ახლა ვათანხმებთ რაღაც პროცედურებს ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციასთან და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან.

მათ აქვთ მთლი რიგი რეკომენდაციები და შეზღუდვები ამ პლაზმის გადასხმის, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების მკაცრი დაცვით.

როგორც კი მოვრჩებით ამ პროცედურებს, შეიძლება ეს მოხდეს სულ რამდენიმე დღეში, ან შესაძლოა დღესაც, ხვალაც, ჩვენ განვახორციელებთ პლაზმის გადასხმას. თუმცა ეს ვერ იქნება მასობრივი მეთოდი, ეს იქნება ერთეული შემთხვევები, როდესაც ეს აუცილებელია“.

“აიპრესის” კითხვაზე, მიუთითებს თუ არა დღევანდელი მონაცემები პიკზე, ცერცვაძე განმარტავს რომ საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა პიკის საფუძველს არ ქმნის. ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 350-600 შემთხვევა არ გამოიწვევს სამედიცინო სექტორის კოლაფს.

„ ვფიქრობ ჯერ პიკზე არ ვართ. ყველაფერი უნდა განვიხილოთ შედარებაში. იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც ხდება ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ყველა ქვეყანაში. კი ბატონო, ბოლო დღეებში გამოვლინდა 30 შემთხვევა, 20 ან 15, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება რომ ევროპის ქვეყნებში დღეში ვლინდება რამდენიმე ათასი ინფიცირებული, კვდება ასეული და ზოგიერთ ქვეყანაში ათასზე მეტი.

ჩვენთან, ეპიდემიის დაწყებიდან 2 თვე გავიდა და 385 ავადმყოფია. იქ 385 ავადმყოფი ნახევარ დღეში კი არა, 3-4 საათში ვლინდება. ამიტომ, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ეს მეტყველებს იმაზე რომ საქართველოში, ყველა სტრუქტურაში საპასუხო ღონისძიება იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. ყველა შემთხვევაში იყო გამოყენებული მყისიერი რეაგირება და პროპორციული რეაგირება. ძალიან მნიშნველოვანია პროპორციული.

იქ სადაც არ იყო საჭირო არ მომხდარა დრამატიზირება, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარება.
პირიქით, იქ სადაც იყო ამის საფრთხე, რამდენიმე პუნქტი დაფიქსირდა საქართველოში ასეთი: მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთი, კიდევ სხვა ადგილები, იქ მაქსიმალურად გატარდა ყველაფერი. იყო მყისიერი რეაგირება, პროპორციული იყო ღონისძიებების გამოყენება, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

პიკი ჯერ არ არის, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ შემთხვევების მატება იქნება რამდენიმე ათეული. დღეს 30 არის? შეიძლება იყო 50-60 ეს არ იქნება რამდენიმე ასეული და ათასეული, ეს ძალიან მნიშნველოვანია.  მატების იმ ტემპს, რომელიც საქართველოშია, საქართველოს სამედიცინო სამსახური გაუძლებს ისე, რომ უზრუნველყოს ყველა პაციენტისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, როგორც ეს აქამდე კეთდებოდა.

ის ალგორითმები და პროტოკოლი, რომელიც საქართველოში მოქმედებს ამ ტესტირების გამოვლენის, მკურნალობის, ნაკადების მოძრაობის, ყველა ასეთ კომპონენტში მთელი კასკადი თუ რა უნდა ქნას მოსახლეობამ, რომელსაც რაღაც სიმპტომი გამოუჩნდება ან რაღაც რისკ ფაქტორი აქვს, ეს სისტემა მუშაობს უკიდურესად გამართულად.

ეს არის დარეკვა 144-ში გადამისამართება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ოჯახის ექიმთან, არა ყველა ოჯახის ექიმთან, არამედ იმ ოჯახის ექიმთან, ვინც ამისთვის არის მომზადებული, გაიარა ტრენინგი, შემდეგ გადამისამართება დროის დაკარგვის გარეშე, თუ პაციენტს არ ჭირდება ოჯახის ექიმის ჩარევა, მხოლოდ რეკომენდაციაა დარჩეს სახლში, თუ ოჯახის ექიმის ჩარევა არის საჭირო მყისიერი გადამისამართება ცხელების ცენტრში მაქსიმუმ 24 საათში რელურად უფრო ადრე, 12 საათში ხდება ზუსტი დიაგნოზის დასმა ტესტირება. თუ დადებითია ტესტი, ხდება გადამისამართება კორონავირუსის ცენტრში. ამ კასკადს სამედიცინო სექტორი უზრუნველყოფს გამართულად.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობა იქნება პიკის პერიოდში. რაღაც კრიტიკული ზღვარი არსებობს, რასაც ვერ დავასახელებ, არავინ არ იცის რამდენია 1000 არის თუ 2000. არსებობს კრიტიკული ზღვარი რის შემდეგაც ჯანდაცვის სისტემა ასეთ ხარისხიან მომსახურებას ვერ მიაწვდის საზოგადოებას და მოხდება ის, რაც მოხდა ევროპის სხვა ქვეყანაში.

იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკა აქვთ, გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, სადაც ექიმების რესურსი არ ჰყოფნის პაციენტების მომსახურებას. იქ ტესტირებას ვერ უკეთებენ. ერთადერთი ეუბნებიან დარჩი სახლშიო.

ავადმყოფებსაც კი ეუბნებიან ვერ გაგიკეთებ ტესტირებას, არ გვყოფნის რესურსიო. ტესტირებას ხშირად უკეთებენ სამედიცინო პერსონალს, ან იმათ ვისაც მძიმე მიმდინარეობა აქვს, კრიტიკულ მდგომაროებაში არიან. ვერ უკეთებენ იმ სავალდებულო გამოკვლევას, როგორიც არის ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, როდესაც უნდა გამოვლინდეს აქვს მას ფილტვების ანთება თუ არა, ეს რომ არ მოხდეს საქართველოში, ამიტომ, რაღაცა წერტილს არ უნდა გადაცილდეს ავადმყოფების რაოდენობა.

რამდენია ეს მაჩვენებელი, რომლის შემდეგ სამედიცინო სექტორი ვერ შეძლებს გამართული მომსახურების გაწევას. არავინ არ იცის ეს. ჯერ ახლოსაც არ ვართ 350-400-500-600 შემთხვევა არ გამოიწვევს სამედიცინო სექტორის კოლაფსს?

თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით, სამედიცინო სამსახურის რეზერვი დიდია, რამდენჯერმე მეტია ვიდრე დღეს პაციენტია. იმედი მაქვს თუ შევასრულებთ რეკომენდაციებს მაშინ პაციენტების რიცხვი მოიმატებს, მაგრამ არ გადაცდება იმ კრიტიკულ ზღვარს, როდესაც ჯანდაცვის სისტემა ეფექტურად ვეღარ შეძლებს დახმარების გაწევას“-ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქართველი მედიკოსები მკაცრად იცავენ წესებს პაციენტებთან ურთიერთობისას. სწორედ აღნიშნული წესების მკაცრი დაცვა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს 16 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი ჰყავს და არა ათასობით ინფიცირებული მედიცინის მუშაკი, როგორც ეს ევროპის არაერთ ქვეყანაშია:

” ვიღაცას 16 ინფიცირებული მედპერსონალი ბევრი ჰგონია და ამბობს: რატომ არის 16, რატომ არ იცავდნენ წესებსო? წესებს რომ იცავდნენ, სწორედ  ამიტომ არის 16 და არა 6 ათასი, როგორიც არის ეს იტალიაში.
იტალიაში დაინფიცირდა 6 000-ზე მეტი ექიმი და ძალიან ბევრი გარდაიცვალა. ევროპის ქვეყნებში ათასობით მედპერსონალია დაინფიცირებული. სად 6 000 მედპერსონალის დაინფიცირება და სად 16 შედარებაც კი არ შეიძლება!

ჩვენი ექიმები მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების წესებს, უბრალოდ, დაავადებაა ისეთი გადამდები, 100%-ით ვერ დაიცავ, შეუძლებელია! ზოგჯერ არ არის დიაგნოზი დასმული, არ იციან რომ შესაძლოა პაციენტი ინფიცირებულია, ისინი მაინც იცავენ წესებს, თუმცა არა ისე, როგორც ინფიცირებულთან.

ბევრი ფაქტორია, როდესაც ვერ დაიცავ 100%-ით, 16 ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ესეც მგონი რეკორდია მსოფლიო მასშტაბით. ყველა ქვეყანაში გაცილებით მეტი მედიცინის მუშაკია ინფიცირებული“- ამბობს ცერცვაძე.

ინტერვიუს ბოლოს, თენგიზ ცერცვაძემ “აიპრესთან” იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინამდე საქმე არ მივა :

“სრულ კარანტინამდე გადასვლის საბედისწერო ნაბიჯი შესაძლოა გახდეს  შეზღუდვების არ დაცვა, თუ მაინც ივლიან მანქანებით, წავლენ საღამოს მასიურად ტაძრებში.

ერთხანს კარგად იცავდნენ წესებს, კარგი ამინდი რომ გამოვიდა, ხალხმრავლობა გაჩნდა ქუჩები, ნახეთ რამდენი ხალხი იყო გამოსული. თუ ამ შეზღუდვებს არ დაიცავენ, ეს იქნება ის კრიტერიუმი, რომლის შემდეგაც საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს. მაგრამ, მე იმედი მაქვს და ვისურვებდი რომ აქამდე საქმე არ მივა” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად