საქართველოში ქელეხების, ქორწილების და დაბადების დღეების გადახდაზე შეზღუდვები ძალაშია

დღეიდან , 2020 წლის 23 მაისის 00:00 საათიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე,წ. კომემდანტის საათი გაუქმდა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩა.

მანქანით გადაადგილებით 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ტაქსებისა ასევე, ტაქსების გარდა, ავტომობილებში წინ დაჯდომა ნებადართული იქნება

როგორც “აიპრესს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ რეკომენდაციად დარჩა.

“ყველა დაწესებული შეზღუდვა, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე მის შემდგომ, მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს დაავადების გავრცელება. აღნიშნულიდან გამომდინარეა მაგალითად ის შეზღუდვა, რომელიც შეეხება სოციალურ თავშეყრებს, ვგულისხმობთ ქელეხებს, ქორწილებს, დაბადების დღეებს, სადაც ძალიან ბევრი უცხო ადამიანი ერთად იყრის თავს”,- ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ე.წ. მოლები და ბაზრობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი მატარებელია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად ე.წ. მოლები და ბაზრობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, როდესაც დღის განმავლობაში ასეული და მეტრის შემთხვევაში ათასეულიც კი ერთად იყრის თავს. ბუნებრივია, რაღაც გარკვეული რეკომენდაციები შესაძლებელია დავაწესოთ, მაგალითად – ჭადრაკისებური განლაგება, მაგრამ ამის ეფექტური აღსრულებაც უნდა მოხდეს. იგივე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა. ამ ყველაფერს აღსრულება და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება სჭირდება. ის, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა გვქონდა, დინამიკაში უნდა დავინახოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ან ორი კვირის განმავლობაში რა შედეგი გვექნება, შემდეგ უკვე რა რჩევას მოგვცემენ ეპიდემიოლოგები და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები, ნელა, კონსერვატიულად არის მიღებული, მაგრამ სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა ის შედეგი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს და ამ მიდგომას მიმართავს ევროკავშირი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, როგორც ვაკვირდები,“- აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად