COVID19-ის 15 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტრის ოჯახის წევრია

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონა ვირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 4 შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები, რესპუბლიკური საავადმყოფოს 52 წლის სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ. მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

ამის შესახებ, ინფორმაცია „აიპრესს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა.

„ოთხივე ერთი ოჯახის წევრია. უკვე გადაყვანილი არიან კლინიკაში. აქედან 2 პატარა ბავშვია, რომლებიც ინფიცირებული სანიტრის შვილიშვილები არიან.
უკვე მივდივართ ადგილზე, სადაც ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ მუშაობას, აღებული იქნება ნიმუშები, რომლებიც გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ასევე, შესწავლილი იქნება ყველა შესაძლო კონტაქტი. მოგვიანებით გვეცოდინება რამდენ ადამიანს გადავიყვანთ თვითიზოლაციაში.
4 ინფიცირებულიდან სიმპტომები არცერთს არ ჰქონდა. უბრალოდ, რადგან დადასტურებულ შემთხვევასთან გვქონდა კონტაქტი ავუღეთ ნიმუშები.

შიდა ქართლიდან, ლაბორატორიაში გუშინ სულ 25 ნიმუში გააგზავნეს. აქედან, ექვსი ინფიცირებული სანიტრის კონტაქტია, სადაც 4 ინფიცირება დადასტურდა. ასევე, გადაგზავნილი გვაქვს შვილის ნიმუში, ველოდებით პასუხს. სანიტარის მეუღლეს კი კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა” – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად