COVID-19-თან ბრძოლის მიზნით, იაპონიაში ატრაქციონებზე ყვირილი იკრძალება (ვიდეო)

იაპონურმა ატრაქციონების პარკმა, სახელად Fuji-Q Highland-მა ცოტა ხნის წინ ძალიან უცნაური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ ატრაქციონზე კომპანიის ორი წარმომადგენელი პირბადით ზის და ისე მიექანებიან მიხვეულ-მოხვეულ რელსებზე, რომ ხმას არცერთი იღებს.

ატრაქციონების სწორედ ამ პარკმა შემოიღო წესი, რომელიც, კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით ვიზიტორებს ყვირილს უკრძალავს. ვიდეო მიმართვის ბოლოს ეკრანზე შემდეგი მოწოდება ჩნდება: “გთხოვთ, შინაგანად იყვირეთ”.

ახალი წესი საკმაოდ რთული შესასრულებელი ჩანს, რადგან ბევრისთვის ატრაქციონზე ჯდომისას ყვირილი ავტომატური, არაცნობიერი რეაქციაა. როცა ჰაერში დაფრინავ ან მომენტებში თავისუფალ ვარდნაში ხარ, რთულია, ხმა არ აღმოგხდეს. მსგავსი ბუნებრივი რეაქციის შეკავებას ალბათ საოცარი ძალისხმევა ჭირდება.

ატრაქციონების იაპონელი ენთუზიასტები გულდაწყვეტილნი არიან. “შეუძლებელია, რომ არ იყვირო”, – ამბობს კოლეჯის სტუდენტი რიკა მატსუურა, რომელიც ტოკიოს დისნეი ლენდში წინა კვირას იყო. “წამებასავითაა, როცა შენ საყვარელ ადგილას ბრუნდები და ყვირილის შესაძლებლობა არ გაქვს, რის გამოც 100%-იან სიამოვნებას ვერ იღებ”.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პარკებში სხვა წესებიც მოქმედებს. მაგალითად, ვიზიტორებს ეკრძალებათ ხველება და სიმღერა. რამდენად შესრულებადია ეს წესები საკითხავია, თუმცა პარკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მეცნიერება მეტნაკლებად მხარს უმაგრებს.

ხველებისას და ყვირილისას ადამიანის პირის ღრუდან დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიტყორცნება, რომელიც, შეიძლება, კორონავირუსის ნაწილაკებით იყოს გაჯერებული. მეტიც, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების შანსი ხმამაღალი საუბრითაც იზრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად