CNN: ჩინეთში ხელისუფლება ლგბტქ სივრცეების ჩახშობას ცდილობს

მიმდინარე წლის პრაიდის თვეში, ფეხბურთელი ლი ინი გახდა ისტორიაში პირველი ჩინელი სპორტსმენი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გეია და მის პარტნიორთან გადაღებულმა ფოტოებმა მტელი სოციალური ქსელები მოიცვა. ამის შესახებ CNN წერს.

მთელ მსოფლიოში ხშირად ბევრი ცნობილი ადამიანი, თუ სპორტის ვარსკვლავი ქამინგაუთდება და მათ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ ხოლმე, თუმცა ჩინეთში ამას სულ სხვა რეაქცია მოჰყვა.

მისი პოსტი, რომელიც 22 ივნისს აიტვირთა Weibo-ში, რომელიც ტვიტერის ცენზურულ ჩინურ ვერსიას წარმოადგენს, დაუყოვნებლივ გახდა ვირუსული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეაქციების უმეტესი ნაწილი პოზიტიური იყო, ლის ანგარიში ჰომოფობიური შეურაცხყოფების ტალღამ მოიცვა. მოგვიანებით პოსტი წაიშალა ახსნის გარეშე.

მას შემდეგ, ლის Weibo-ში პოსტი აღარ გამოუქვეყნებია. ამავდროულად, ჩინეთის სახელმწიფო მედია არ ავრცელებს ინფორმაციას ლი-ს განცხადების, ან მის მიერ გამოწვეული შემდგომი რეაქციის შესახებ.

გასული წლების განმავლობაში, ივნისი დატვირთული იყო ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი) ღონისძიებებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა შანხაი და პეკინი, რომლის დროსაც ჩინეთის სექსუალურ უმცირესობებს შეეძლოთ ნახევრად ღიად აღენიშნათ თავიანთი იდენტობა.

მაგრამ 2020 წლის აგვისტოში, ჩინეთში ყველაზე დიდი და ხანგრძლივი LGBTQ ფესტივალი, Shanghai Pride, გაუქმდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მზარდი ზეწოლის გამო. 2021 წლის პრაიდის კვირეული კი მხოლოდ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა და ისიც ანდერგრაუნდ პირობებში.

“ყოველწლიურად უფრო და უფრო რთულდება”, – განუცხადა CNN- ს ერთმა ჩინელმა ლგბტ მხატვარმა, რომელიც მალავს საკუთარ იდენტობას მთავრობის რეპრესიების გამო.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩინეთის სექსუალურმა უმცირესობებმა, როგორც ჩანს, თანდათანობით, თუმცა მაინც მიიღეს აღიარება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

ჩინეთმა 1997 წელს ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, ხოლო 2001 წელს იგი ფსიქიკური აშლილობების ოფიციალური ნუსხიდან ამოიღო.

მაგრამ ერთსქესიანთა ქორწინება კვლავ უკანონოა და ჩინეთის ხელისუფლებამ 2016 წელს აკრძალა “არანორმალური სექსუალური ქცევა” მედიაში.

როგორც ჩანს, ლგბტ სივრცეების ჩახშობა განსაკუთრებით დაჩქარდა 6 ივლისს, როდესაც ჩინეთის ყველაზე პოპულარულმა ჩათმა WeChat მოულოდნელად დახურა ათობით ლგბტ ანგარიში, რომლებსაც უნივერსიტეტის სტუდენტები მართავდნენ. ეს აქტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სექსუალური უმცირესობების მიმართ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური და კოორდინირებული მოქმედება გახდა.

როდესაც რამდენიმე მომხმარებელმა ჯგუფებში შესვლა სცადა, მათ მიიღეს შეტყობინება: “შესაბამისი საჩივრების მიღების შემდეგ, მთელი კონტენტი დაიბლოკა.”

CNN-თან ფსევდონიმ ქეითით საუბრისას, ერთ-ერთი დისტანციური ჯგუფის მენეჯერმა, განაცხადა, რომ ჩინეთში ლგბტ თემისთვის ღად გამოსვლების შესაძლებლობები სწრაფად იკლებს.

“ჩვენი მიზანია უბრალოდ გადარჩენა, რათა გავაგრძელოთ ლგბტ სტუდენტების მომსახურება და მათ სითბო მივცეთ. ჩვენ აღარ ვართ დაკავებული რადიკალური პროპაგანდით,” – თქვა მან.

სამშაბათს, WeChat-ზე ლგბტ ჯგუფების დახურვის შემდეგ, სახელმწიფო ტაბლოიდ Global Times-ის რედაქტორმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა “არ ზღუდავს ცხოვრების წესის არჩევას”.

მან ასევევ განაცხადა, რომ თუ ჩინეთში ლგბტქ ადამიანები უბრალოდ მიიღებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანა არასდროს იქნება სექსუალური უმცირესობების უფლებებთან ავანგარდში, მათთვის ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.

“ამ ეტაპზე ლგბტ ადამიანები ჩინეთში არ უნდა ცდილობდნენ, რომ მათი იდეოლოგია გახდეს ფართოდცნობილი”, – თქვა მან.

ლგბტქ-ს ზოგიერთმა წარმომადგენელმა იგი დაადანაშაულა მცდარი შეხედულების დევნაში, რომ თითქოს ჰომოსექსუალობა არის დასავლეთის იმპორტი ჩინეთში.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სულ უფრო ხაზს უსვამს მმართველი კომუნისტური პარტიის აბსოლუტურ კონტროლს საზოგადოების ყველა ასპექტზე. ზოგიერთები ასევე ეჭვობენ, რომ უფრო პირდაპირი კავშირი არსებობს ლგბტქ უფლებების ჩახშობასა და მაღალჩინოსნების მსოფლმხედველობას შორის, რომელიც ბევრისთვის ჩამოყალიბდა 1960-იანი და 70-იანი წლების კულტურული რევოლუციის დროს, როდესაც ხელისუფლებამ სცადა აღმოეფხვრა ნებისმიერი “არა სოციალისტური” ელემენტი, მათ შორის ჰომოსექსუალობა ჩინური საზოგადოებისგან.

კომენტარები
იტვირთება...