თალაკვაძე: ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იმ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომლის შესახებაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს.

თალაკვაძის განცხადებით,  საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა. ჩვენი საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი დისკუსიაა, როგორი პოლიტიკური დებატებია ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში. გვინდა, ამ თვალსაზრისით ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მაგალითად, ასეთი არის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების მხარდაჭერა. განვიხილავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც მათ ექნებათ კიდევ უფრო განსაკუთრებული სტატუსი და დაფინანსება, ეს სოფლები შეძლებენ, მიიღონ უფრო მეტი მხარდაჭერა ხელისუფლების და სახელმწიფოს მხრიდან რადგან ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებენ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური დებატებით, არამედ ბიუჯეტითა და საკანონმდებლო თვალსაზრისით ეს მიმართულებები არის გამაგრებული ბოლომდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს მთავარი გამოწვევები გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, საშემოდგომო სესიიდან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დადგა და, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს.

საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტი რამდენიმე ძირითად საკითხს დაუთმობს ყურადღებას: საარჩევნო რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საპარლამენტო ზედამხედვეელობა; 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად