ჩვენი წილი Notre Dame de Paris – ლევან ფანცხავას ბლოგი

15 აპრილი, საღამოს 21:00 საათი, პარიზი კვამლშია გახვეული, მსოფლიო ყურადღების ცენტრში ღვთისმშობლის ტაძარი ექცევა.

მე კი რამდენიმე წამით ბავშვობაში დავბრუნდი, იქ სადაც კვაზიმოდო ესმერალდას გადასარჩენად ტაძრის სახურავიდან მოფრინავს და თვალის დახამხამებაში ეკლესიაში იტაცებს.

მერე რეალობას დავუბრუნდი… ჩვენი, დიახ მსოფლიოს თვალწინ, იწვის, ინგრევა, ნოტრ-დამი, ინგრევა და იფერფლება ისტორია, ყოველ წამს მნიშვნელობა აქვს, რა გადარჩება, რა ნაწილი იწვის. პანიკაა, ტაძრიდან ტურისტები გაიყვანეს, ირგვლივ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, დაშავებული არავინაა, თუმცა იფერფლება პირველი ტაძარი, რომელიც მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში შენდებოდა.

კათედრალის სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებდა, არ ვიცით ახლა ეს “ძლიერი გავლენა” რამდენად გადაურჩება პარიზს, დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენს თალწინ ნადგურდება არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი ნიმუში, ერთ-ერთი პირველი შენობა მსოფლიოში, სადაც ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად, ალბათ დიდებულებაზე აღარ ვლაპარაკობთ, არც რწმენის და თავისუფლების სივრცეებზე, ეს ცალკე ამბავია, რომელიც ისტორიამ დიდი ხნის წინ დაწერა.

ლოცულობდა ყველა, პარიზში თუ დანარჩენ მსოფლიოში, რადგან ნადგურდებოდა არა მარტო პარიზის, არა მარტო ფრანგი ხალხის ისტორია, არამედ ჩემი, შენი, ჩვენი, ყველას წილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. 16 აპრილი, დილის 9 საათი: გადარჩა!!! იმედი მოგვეცა, ახლა მნიშვნელოვანია რომ გადარჩა, უნიკალური რელიქვიის გადარჩენა მოხერხდა, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩა!!! აღდგება, აუცილებლად აღდგება და მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, ან უკვე გააკეთა.

მე არასოდეს ვყოფილვარ პარიზში, არც ღვთისმშობლის ტაძარი მინახავს საკუთარი თვალით, თუმცა მისი არსებობა რატომღაც საკმარისია, რომ ჩემიც იყოს, ან შენიც, შენც თუ არ გინახავს.

ხო მართლა, მეხანძრე-მაშველები გმირები არიან…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...