ჩუგოშვილი: თუ “ქართული ოცნება” ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, ცუდად გვქონია საქმე

“ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც გასული წლის 14 ნოემბერს დაიწყო, ანუ როდესაც კანონპროექტი ჩავარდა. თავდაპირველად, დეკემბერში ორმა კონგრესმენმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გამოგზავნეს წერილი, რომლის პასუხადაც საქართველოს მთავრობამაც გააგზავნა წერილი. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის მთავრობის წერილზე გამოგზავნილი პასუხი. იმის მიუხედავად, რომ მისი შინაარსი ჯერ არ ვიცით, მოლოდინი მაქვს, რომ ეს პასუხის პასუხი კიდევ უფრო მძიმეა”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამჯერად, წერილის ავტორი აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი, თუმცა, წერილის ავტორებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

“ის ცვლილებები, რომელიც უნდა მიღებულიყო, განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ბედს მომავალი წლების განმავლობაში და მისი ჩაგდებით, საერთაშორისო პარტნიორებში ჩვენ მიმართ ნდობა განადგურდა. ეს ნდობა კიდევ უფრო შეარყია იმ განცხადებებმა, რაც შემდგომ გაკეთდა, რომ პარტიული შიდა დემოკრატიის გამო ჩავარდა კანონპროექტი. ეს არავისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ეს პროცესები დაიწყო და გაგრძელდება. ქვეყანას ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა და ეს რომ გაგრძელდება, ყველამ ვიცით, მაგრამ ამის გარდა რა ზიანიც შეიძლება მოგვადგეს ყველას, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. თუ “ქართული ოცნება” ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა განცხადებაც რომ წავიკითხოთ, ესეც კარგი იქნება, რადგან მასშიც ბევრი გასათვალისწინებელი რამ წერია. ჩვენივე კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის საჯარო ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის. ამიტომ იმედი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს ამ ინფორმაციას,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ: “რესპუბლიკელი” კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა.

როგორც ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, მასთან ერთად წერილის ავტორები არიან გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

„დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ”,-წერს კინზინგერი “ტვიტერზე”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად