ჩუგოშვილი: როცა საარჩევნო ბარიერი დაბალია და 1%- ს შეადგენს, საარჩევნო ბლოკების არსებობას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა  თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ბლოკების თემა შეთანხმების ნაწილი არ არის.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში დღეს არსებული ჩანაწერით, ბლოკები 2020 წლისთვის ერთჯერადად არის დაშვებული.

„მიმაჩნია, როცა ბარიერი დაბალია და ერთი პროცენტია, ბლოკებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში, პარლამენტში მოხვდეს და შემდეგ იპარტნიოროს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, პოლიტიკური პარტიებისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია. ალბათ, ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები იქნება და საკითხი ზედმეტი გართულებების გარეშე გადაიჭრება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საარჩევნო ოლქების განაწილებასთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ ახალი საზღვრების დადგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება.

„შეთანხმება მოიცავს პირობას, რომ ოლქებს შორის სხვაობა 15%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ოლქების საზღვრებზე დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევითი არ იყო, რომ ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა.

„მეორე დოკუმენტში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი რომ არ ყოფილიყო, ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ იარსებებდა, რადგან ზოგადი დოკუმენტის ხელმოწერას აზრი არ აქვს. უახლოეს პერიოდში, მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე გარკვეულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, რაც ამ სულისკვეთებით არის განხორციელებული. ამაზე პოლიტიკოსები ბევრს ვერ ისაუბრებენ, განსაკუთრებით უმრავლესობა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გარკვეულ საქმეებზე სიახლეს უნდა ველოდოთ. სხვანაირ შედეგს არ ველოდები, რადგან ეს ძვირი დაჯდება ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ შეთანხმება დაცული იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად