ჩუგოშვილი: რამდენადაც მესმის, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან

“მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “რუსთავი 2” ცდილობს შეაფასოს როგორც ერთი ჟურნალისტის უზრდელური გამოხტომა, ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა და არაეთიკური გამოსვლა. შესაბამისად, რეაგირების სახით, 2 თვე დაისვენებს” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს ტვ პირველის ეთერში.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ისედაც დაძაბულ და მარტივად აალებად სიტუაციაში, მსგავსი პროვოკაციული გამოხტომები ყველას რეალური საფრთხის განცდას უჩენს.

“ეს არის ნარატივი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათი მხრიდან. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ უზრდელობა, იმიტომ, რომ რუსთავი 2-სგან უზრდელობას, არაეთიკურ გამოსვლებს, ლანძღვას, გინებას, შეურაცხყოფას, დიდი ხანია მიეჩვია ყველა. ეს არის მათი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, ასე იქცევიან. ამიტომ, გუშინ როცა დირექტორი ეთიკურებისკენ მოუწოდებდა გაბუნიას, სასაცილოდ ჩანდა მგონი ეს ყველაფერი.

იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თვეების განმავლობაში ამკვიდრებდა ამ ლანძღვა გინებას და უზრდელობას ტელეეთერში. საქმე ამაში არ იყო, რომ მან იუზრდელა და მან არაეთიკურად გამოხატა თავის აზრი, ეს არ ყოფილა პრობლემა, ამას არ გამოუწვევია საზოგადოების აღშფოთება, ეს უჩვეულო ერთიანობა რასაც ადგილი ჰქონდა, გამოიწვია იმან, რომ ისედაც ძალიან დაძაბულ, ისედაც უმარტივესად აალებად სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ და ჩვენი ქვეყანა არის, დამატებითი პროვოკაციული გამოხტომები და კიდევ უფრო სწრაფად და კარგად აალების დამატებითი მცდელობები, ყველას უჩენს რეალური საფრთხის განცდას.

მე ბუნებრივია, არ ვამბობ იმას, რომ ეს ომს გამოიწვევდა და ა.შ. მაგრამ ამას თავის შედეგები მოჰყვა და მოჰყვება. მოდის სულ უფრო მეტი ინფორმაცია რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს და რამდენადაც მე მესმის, სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან იმდენად დიდი არის მათ მიმართ აგრესია.

ეს არის უდიდესი რაოდენობით ქართველები და ეს დიახ, გუშინდელი განცხადების გამო. ჩვენ ვნახეთ შედეგები, გაბუნიას გამო, შეიძლება ყველაფრის გამო, ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ფულადი ტრანსფერების აკრძალვის შესახებ, ვაჭრობის აკრძალვის შესახებ და აშ. ანუ ფაქტობრივად სრული ეკონომიკური ემბარგო ისევ ამოქმედდა, რაც არის მთელი კომბინაცია და ყველაფრის შედეგი და არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაბუნიამ გამოიწვია ეს, ვამბობ იმას რომ აალებადი არის მარტივად, ახლა იმდენად არის დაძაბული ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...