ჩუგოშვილი: მაქვს ძალიან ცუდი, პოლარიზებული კამპანიის მოლოდინი ყველას მხრიდან

“როგორ გაგრძელდება პროცესები, ამას ვნახავთ, მაგრამ სამწუხაროდ, მე კარგის მოლოდინი არ მაქვს”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა და ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის თემაზე ისაუბრა.

“არ მინდა იმის ძიება, ჩააგდეს თუ ჩავარდა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შედეგი დადგა და ეს შედეგი არის დამაზიანებელი შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის, არის დამაზიანებელი ქვეყნის რეპუტაციისთვის და იმიჯისთვის. არის ზოგადად ცუდი პროცესების სათავის დამდები. ყოველშემთხვევაში, მე ასე ვხედავ, ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ყველაფერი ძალიან მარტივად ჩადგეს კალაპოტში, მაგრამ მე ეს მოლოდინი არ მაქვს. მე მაქვს ძალიან ცუდი, პოლარიზებული კამპანიის მოლოდინი ყველას მხრიდან. ახლა ყველას მხრიდან ინტერესი არის რადიკალიზება, შავი კამპანიების წარმოება. იმის ნაცვლად, ვის რა პროგრამა აქვს და ვინ რას სთავაზობს ხალხს, ერთმანეთის ლანძღვა და მე მგონია, რომ ეს ამ ქვეყანას აზიანებს და არ მინდა, რომ ამაზე გავიზიარო პასუხისმგებლობა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ცვლილება გავიდოდა, ეს მნიშვნელოვნად შეცვლიდა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ბევრად უფრო ჯანსაღს გახდიდა, ბევრად უფრო სწორად იქნებოდა ჩვენი მოსახლეობა წარმოდგენილი პარლამენტში, მითუმეტეს, რომ ეს პირობა დადებული იყო და სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. როგორ გაგრძელდება პროცესები, ამას ვნახავთ, მაგრამ სამწუხაროდ, მე კარგის მოლოდინი არ მაქვს”განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ: პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, უმრავლესობის 6 დეპუტატთან ერთად საპარლამენტო უმრავლეობა 14 ნოემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების  პროპორციულ საარჩევნო სისტემისა  და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ცატარებას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი  101-მა  დეპუტატმა დაუჭირა.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრამდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციებზე ვერ შეჯერდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად