ჩუგოშვილი: კომიტეტზე ფრაქცია არის ის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია დაიბაროს თანამდებობის პირი

რეგლამენტში მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ რეგლამენტში ასახულია ოპოზიციის ერთ–ერთი მოთხოვნა, რაც ფრაქციის მიერ მთავრობის წევრის დაბარების უფლებას გულისხმობს.

თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, ასევე, პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის და მთავრობის ერთ ქალაქში მუშაობა.

“დღეს აისახა ის ცვლილებები, რაც კომიტეტზე დაფიქსირდა. ამ ცვლილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კომიტეტზე მთავრობის წევრების დაბარების უფლებამოსილება. როგორც აღვნიშნე გამოსვლის დროს და კომიტეტზე ფრაქცია არის ის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია კომიტეტზე დაიბაროს თანამდებობის პირი. ეს იყო ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა და ეს გათვალისწინებულია.

რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობას, ამაზე ბევრი მსჯელობა გვქონდა, დღეს კითხვები არ დასმულა, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, ერთ ქალაქში ერთ შენობაში უნდა იფუნქციონიროს პარლამენტმა როგორც ინსტიტუციამ, კოლეგებმა, რომლებიც წარმოადგენენ ქუთაისელ ამომრჩეველს, მათ გამოხატეს თავიანთ პოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის სულისკვეთებას ეთანხმებიან, მათ გაუჭირდებათ, რომ პარლამენტის გადატანას პიროვნულად დაუჭირონ მხარი, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ, იმისთვის, რომ პარლამენტი გახდეს ისეთი, რომ მან დააბალანსოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, აუცილებელია მისი მუშაობა იყოს ეფექტური და ამისთვის მთავარია ერთ შენობაში, ერთ ქალაქში ყოფნა და არა გახლეჩა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...