ჩუგოშვილი ია კერზაიას საქმეზე: სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მოლოდინებს

“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მათ მოლოდინებს”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცახადა, სადაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას პოზიციას.

„თავად პროკურატურამ უნდა ისაუბროს იმ არგუმენტებზე, რაც მან მოიყვანა. მხოლოდ შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა – როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვს განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს ძალიან სამწუხაროა და პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მოლოდინებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოს გენერალურმა  პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და პროცესი პოლიტიკური იყო.

იგი აპირებს, პროკურატურის გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გაასაჩივროს, შემდგომ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად