ჩუგოშვილი: ეს იქნება აშშ-ს მიერ მიღებული პირველი სრულფასოვანი კანონი საქართველოსთან დაკავშირებით

“ეს არის საქართველოს ხელისუფლების ლობირების და ძლიერი ადვოკატირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. 2 წელიწადზე მეტია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. პირადად რამდენიმეჯერ ვიყავი ვაშინგტონში, რომ ადვოკატირება გაგვეკეთებინა ამ რეზოლუციის მიღების”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოსთვის მხარდამჭერი აქტის მიღების შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი სენატში გაივლის იგივე პროცედურას და სენატიც დაუჭერს მხარს ამ დოკუმენტს, ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი აშშ-ს მიერ მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით.

“კონკრეტული აქცენტები, რაც შიგნით არის გაკეთებული, თავდაცვა, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული განვითარება, და ა.შ. ამის გარდა საუბარია, კონკრეტულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს ეს რეზოლუცია ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას. და ასევე მოუწოდებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული ან მხილებული ადამიანების მიმართ ტარგეტირებული სანქციების გამოყენებისკენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გვესმის უამრავი აბსურდული სპეკულაცია, ქვეყანაში სხვადასხვა პირებისგან მომავალი ჭორაობის დონეზე გაჩენილი, რომ ქვეყანა საგარეო მიმართულებით პრობლემებშია, შავ ზღვაში ვისი ადგილია და ვისი არა. ასეთი დაუსაბუთებელი უამრავი სპეკულაცია ამ ფონზე, ეს აშშ-ს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობის და დატვირთვის არის. მგონი, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სპეკულაციებით არიან დაკავებული, ძალიან ძლიერ მესიჯს აგზავნის და თუ შეუძლიათ ასეთი გზავნილების კითხვა, მე მგონი ამოიკითხონ”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად