ჩუგოშვილი: არცერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გუშინ გასულმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები დასჭირდებათ.

“არ უარვყოფ, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. გუშინ საკმარისად ავხსენით, რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროდ რატომ ჩავთვალეთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემს კოლეგებს დამატებით გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გესაუბროთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებ, რადგან ჩემს კოლეგებთან მეტი კონსულტაცია მჭირდება. ამას ბევრი დრო არ დასჭირდება”. – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა საპარლამენტო ფრაქციის შექმნას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საბოლოო ნაბიჯებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია. ამიტომ, არ მინდა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არც თქვენ და არც საზოგადოებას. არ მინდა, ვიჩქარო. გარკვეული დრო გვჭირდება, არც ისე ბევრი, იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოგაწოდოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ: 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად