ჩუგოშვილი: არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, ოპოზიციის მოთხოვნები ასე აპრიორი გავითვალისწინოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ხელისუფლებას არავითარი ვალდებულება არ აქვს, გახარიას გადადგომის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნები გაითვალისწინოს.

​მისივე განმარტებით, შეხვედრა ეხებოდა საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც მთავრობის ნდობის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული.

“ვფიქრობ, გიორგი გახარიას უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. გახარიას გადადგომას ოპოზიცია ითხოვდა, შესაბამისად, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ოპოზიციის მოთხოვნები ასე აპრიორი გავითვალისწინოთ. რა გადაწყვეტილებაც ჩავთვალეთ საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ ეს მოლოდინი არ გვაქვს, ვნახავთ თუ ვცდებით მოლოდინებში.

პროცედურულად გვეკუთვნის 2 დღის განმავლობაში პროცედურულად მოსმენა მთავრობის წევრობის კანდიდატების და დამატებით პოლიტიკურ ჯგუფებში, ანუ 2 დღე ფრაქციებში. შესაბამისად, განვიხილეთ მოსმენების გრაფიკი, პროცესის წარმართვის საკითხები. უმრავლესობის მხარდაჭერა გახარიას ექნება სრულად, უკვე გვქონდა შეხვედრა და რამდენადაც ვხვდები, უმრავლესობის ყველა წევრი მხარს უჭერს გიორგი გახარიას”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია დღეს პარტია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. პრემიერ-მინისტრობის კანადიდატმა კი თავის მხრივ, ის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც საკადრო ცვლილებების შედეგად კონკრეტულ სამინისტროების პირველი პირები გახდებიან.

გიორგი გახარიას და მის მიერ შეთავაზებული მინისტრობის კანდიდატები უკვე წარედგინა პარლამენტს.რეგლამენტის მიხედვით მინისტრთა კაბინეტს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...