ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ბირთვული განიარაღების საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებები შეწყვიტოს

ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტოს და სარაკეტო, ბირთვული ტესტების ჩატარება გააგრძელოს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩო სონ ჰვემ განაცხადა.

დიპლომატის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ვიეტნამის სამიტზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა შესაძლოა სარაკეტო იერიშების გაშვებაზე მორატორიუმს გადახედოს და ბირთვული ტესტების ჩატარება გააგრძელოს.

მოსალოდნელია, რომ კიმ ჩენ ინი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ასევე ცნობილი გახდება, გეგმავს თუ არა ფხენიანი სრულ ბირთვულ განიარაღებას, რასაც აშშ ჩრდილოეთ კორეისგან მოითხოვს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეერთებული შტატები კომპრომისზე წასვლისთვის მზად უნდა იყოს, თუ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს.

შეგახსენებთ, 27 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებები დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და ქვეყნების დელეგაციების მონაწილეობით სამუშაო სადილით დასრულდა. შეხვედრის მთავარი ნაწილი 28 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები ვადაზე ადრე დასრულდა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...