ახლა რაც შეეხება გზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 2012 წლამდე აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2013 წლიდან დღემდე აშენებულია 3-ჯერ მეტი, ანუ 203 კმ მაგისტრალური გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი. მათ შორის, წელს გაიხსნა 27 კმ-იანი მონაკვეთი რიკოთის მაგისტრალური გზის, რამაც შეამცირა მნიშვნელოვნად გადაადგილების მანძილი და დრო. ასევე გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი.

წელს გაიხსნა კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, კახეთის მაგისტრალის შემდგომ ფაზებზე გადავდივართ, ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილ 30 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი. ასევე წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, მე ასე ვიტყოდი; 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული დანადგარით გრძელდება. გვირაბის 8 კმ უკვე გაჭრილია. ახალი მონაკვეთი 11 კმ-ით შეამცირებს ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილს და მგზავრობას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი  დასჭირდება, რომ ეს მონაკვეთი გაიაროს. 

რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჩვენ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობაც. წელს მიმდინარეობდა 1 000 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება, საიდანაც სამუშაოები დასრულდა 500 კმ-ზე. 
ჯამურად, ბოლო 11 წელიწადში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა 13.6 მილიარდ ლარზე მეტი; აშენდა და რეაბილიტირდა 16 000 კმ-ზე მეტი გზა. მხოლოდ წელს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა 2 მილიარდ ლარზე მეტი. ეს არის კონკრეტული შედეგი, ბოლო 11 წლის მუშაობის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.