ვანო ჩხარტიშვილი: ადეიშვილმა მითხრა, ზურაბ ნოღაიდელი უნდა დავაკავოთ და ცრუ ჩვენება მოგვეციო

ზურაბ ადეიშვილმა (საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი) მითხრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის დაკავებისთვის ცრუ ჩვენება მიმეცა – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” განაცხადა.

“მე 2010 წელს მომიწია საქართველოდან წასვლა წინა ხელისუფლების პერიოდში. ეს იყო მართლაც ჩვენი ოჯახისთვის, ჩემთვის, ჩემი გარემოცვისთვის ურთულესი პერიოდი. მე წავედი საქართველოდან გენერალური პროკურორის კაბინეტიდან პირდაპირ აეროპორტში. ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია არ იყო მარტივი. ცოტა დეტექტიური სიუჟეტია.

წინა დღეს ჩემს ოფისში ტოვებენ ვიდეოკასეტას და რეკავს ადეიშვილის თანაშემწე და მეუბნება, რომ იქნებ ნახოთ ეს კასეტა და საღამოს დაგირეკავთ ადეიშვილი.

მე ვნახულობ ამ კასეტას, კასეტაზე არის საოცარი კადრი. დაჭერილი არის წინა დღეს ჩემი რიგითი თანამშრომელი და ამ ვიდეოფირზე არის ბუნდოვანი ჩვენება ამ ადამიანის. ეს ჩანაწერი ხდება პირდაპირ იზოლატორიდან, ანუ დაკავებულია ეს ადამიანი. ეს არის 2010 წელი, ივნისის თვე და მე მომიწია საღამოთი, უკვე რეკავს ადეიშვილი, ღამის 12 საათზე შევდივარ ადეიშვილის კაბინეტში და მეუბნება, რომ უნდა მოგვცეთ ჩვენება იმ თემაზე, რომელიც საერთოდ ბუნებაში არ არსებობს და ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ამის გარშემო ჩვენ გვინდა რაღაც გაუგებარი ჩვენება” – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ნოღაიდელის საქმეში მოწმე უნდა ყოფილიყავით?

ვანო ჩხარტიშვილმა ასე უპასუხა: “დიახ. ნოღაიდელის საქმეში, რაღაც შეთხზული ისტორია ნოღაიდელის გარშემო, გადაწყვიტეს რომ დაეკავებინათ. აბსოლუტურად გაუგებარი ისტორია.

მე ისტორიის მოყოლაც არ მინდოდა მომესმინა, მე კატეგორიული უარი ვუთხარი ასეთ ჩვენებაზე. ჩვენი საუბარი იყო ძალიან მძიმე, დამთავრდა რთულად. მან მითხრა მე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალიან მკაცრად აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმე და ა.შ. მე იძულებული გავხდი, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არ იყო ადვილი გადასაწყვეტი, იყო ძალიან რთული მდგომარეობა ჩემი ოჯახის წევრების გარშემო. 23 დღის განმავლობაში არც ერთ ჩემს ოჯახის წევრს არ აძლევდნენ თბილისის დატოვების საშუალებას ერთი მიზეზის გამო, რომ უნდა დავბრუნებულიყავი მე თბილისში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა გაცვლა და ა.შ.

ისევ ვუკავშირდები მთავარ თემას, რაზეც ბატონი ხაზარაძე საუბრობდა და ამის შემდეგ ყველა ქონებას, რომელიც ჩვენთან ირიცხებოდა ჩვენი ხოლდინგის შიგნით ედება ყადაღა და გვართმევენ ყველა ძირითად აქტივებს, სადაც ვიყავი დამფუძნებელი და შესაბამისად არც ერთი აქტივის მიმართ ოფიციალურად რაიმე დოკუმენტი, რომ თქვენ გეკუთვნით ამის ჩამორთმევა, ან რაღაც დასაბუთებული არაფერი, უბრალოდ მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ.” – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად