ჩინური მედია ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოახდენს

ქალაქ პეკინში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (CNRIFFI) ვიცე-პრეზიდენტმა ადამ ჰუანგმა, ჩინეთის უმსხვილეს იმპორტიორებთან 6 შეხვედრა გამართეს. შეხვედრა გაიმართა ბეჭდვითი მედიის China Wine News-ის წარმომადგენლებთანაც. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის Wechat-ის ფორუმის შეხვედრაში, სადაც 20-მდე კომპანია (დისტრიბუტორები, ასოციაციები, მედიის წარმომადგენლები) მონაწილეობდა.

"იმპორტიორებთან შეხვედრებზე განხილული იყო ქართული ღვინის პოტენციალი, იმპორტთან დაკავშირებული საკითხები და სავარაუდო ერთობლივი პროექტები. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები კონკრეტული დეტალების შეთანხმების მიზნით. ამასთან ერთად, მიმდინარე წელს ბეჭდვით მედია China Wine News-ი მნიშვნელოვან ყურადღებას ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და პოპულარიზაციას დაუთმობს" – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, შეიქმნება ქართული ღვინის პოპულარიზაციის Wechat-ის გვერდი, რომელიც გაერთიანდება ღვინის მოყვარულთა, ღვინის მწერლების, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ფორუმებსა და ჯგუფებში (ცნობისათვის ჩინეთში Wechat-ის 300 მლნ მომხმარებელია).

მაია ცქიტიშვილი და ადამ ჰუანგი ქალაქ პეკინში შეხვედნენ ასევე საქართველოში ჩინეთის საელჩოს კომერციულ და ეკონომიკურ მრჩეველს ლიუ ბოს, რომელსაც გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის საელჩო საქართველოში, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მიმდინარე წლის თებერვალის თვეში ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებდა. სულ იანვარ-თებერვალში აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტირებულია 217 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 64%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად