China Petrochemical Corporation-ი (Sinopec Group), რუსეთის უმსხვილეს გაზის გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპანია Sibur-ის წილს იყიდის, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. კომპანიებმა საინვესტიციო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით, კორპორაცია Sinopec-ი, რუსული Sibur-ის კაპიტალში, სტრატეგიული ინვესტორის სტატუსით შევა. ხელშეკრულებას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტისას მოეწერა ხელი.
"შეთანხმება Sinopec-ის სტრატეგიულ მიდგომას შეესაბამება, რომლის მიზანი მსოფლიო ბაზარზე წინ წაწევაა. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა Sinopec-ის ნავთობქიმიური პროდუქციის ხანგრძლივი მომარაგების დივერსიფიკაციასა და საიმედოობას შეუწყობს ხელს", – აღნიშნულია კორპორაციის ოფიციალურ განცხადებაში. თუმცა, წილის მოცულობა, რომელსაც Sinopec-ი იყიდის და წილის ღირებულება – არ სახელდება.