ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 571-მდე გაიზარდა-95 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია

ჩინეთში, ახალი ტიპის ვირუსის შედეგად ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 571-მდე გაიზარდა,-ინფორმაციას ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი ავრცელებს.

“ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით, 00:00 საათის მონაცემებით, 25 პროვინციაში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ მიღებული მონაცემებით, პნევმონიით რეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსითაა გამოწვეული, 571 ადამიანს შეადგენს, მათგან 95 მძიმე მდგომარეობაშია, გარდაიცვალა 17 ადამიანი”,- ნათქვამია სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში.

დეკემბერში, ქალაქ უჰანში (ჰუბეის პროვინცია) პნევმონიის განვითარება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი აქამდე უცნობი ტიპის კორონავირუსი იყო.

თავდაპირველად დაასკვნეს, რომ ვირუსი გადამდები არ იყო, მაგრამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს, რადგან დაავადება ინფექციის კატეგორიაში გადავიდა.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლი ბინმა წინა დღით ჟურნალისტებს  განუცხადა, არსებობს საფრთხე, რომ კორონავირუსის ახალ ტიპს შეუძლია მუტაცია განიცადოს და  გავრცელდეს.

”არსებობს ვირუსის მუტაციის შესაძლებლობა და მისი შემდგომი გავრცელების საფრთხე”, -განაცხადა ოფიციალურმა პირმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა გაო ფუმ დაადასტურა, რომ ველური ცხოველები, რომლითაც ქალაქ უჰანის ბაზარზე უკანონოდ ვაჭრობდნენ, კორონავირუსის წყარო გახდა.

ქვეყნის ხელისუფლება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიმართავს.

ხუთშაბათს, 10:00 საათიდან ქალაქ უჰანთან საჰაერო, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო კავშირები შეჩერებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ყველა დეპარტამენტმა საჭიროების გარეშე შეხვედრები შეწყვიტოს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ საზოგადოებრივ და საოჯახო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებს ჯერ კორნვირუსების ახალი ტიპის შესახებ რაიმე დასკვნა არ გამოუქვეყნებიათ. დღეს ისინი არსებული საფრთხის შეფასებას კვლავ შეეცდებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰან გებრეიესუსმა 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

”გადავწყვიტე ჯანდაცვის მსოფლიო კომიტეტის ექსპერტთა კომიტეტს ვთხოვო, რომ ხვალ ისევ შეხვდნენ სიტუაციის განსახილველად”, – დასძინა მან.

”ჩვენი ჯგუფი ჩინეთში ადგილობრივ ექსპერტებთან და ხელისუფლებასთან მუშაობს, რათა დაავადება გამოიკვლიოს”,-განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად