ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 617-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 617-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ჩინური ტელეარხი CGTN იუწყება. 23 იანვარს, ოფიციალურად დაფიქსირდა პნევმონიის 571 შემთხვევა.

ახალი შემთხვევები იმ პაციენტებში დაფიქსირდა, რომლებიც  ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, სადანაც ახალი ვირუსი პირველად გავრცელდა.

პნევმონიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში ცხოვრობდა.

ჩინელი გენეტიკოსები, ვირუსის გენეტიკური კოდის ანალიზით, ვარაუდობენ, რომ ვირუსის ძირითადი წყარო შესაძლოა გველი იყოს, მათ შორის ჩინური კობრა.

როგორც South China Morning Post-ი წერს, მათი გამოკვლევის შედეგები 22 იანვარს ჟურნალ Journal of Medical Virology-ში გამოქვეყნდა.

თავდაპირველად, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი გადამდები არ იყო, მაგრამ მოგვიანებით, 15 ექიმი დაინფიცირდა, რომლებიც ამ ტიპის ვირუსზე პაციენტებს მკურნალობდნენ.

ვირუსი ჩინეთის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მსგავსი შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებში. აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არიან.

ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, 23 იანვრიდან ქალაქ უხანთან სატრანსპორტო კავშირები შეწყდა. ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

კომენტარები
იტვირთება...