ჩინეთის ქალაქებში, მათ, ვინც ნებაყოფლობით მივა კორონავირუსის შემოწმებაზე, ფულად ჯილდოს გადაუხდიან

ჩინეთის ქალაქები, რომლებიც COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის შედეგად დაზარალდნენ, ცდილობენ, რომ ვირუსის სამომავლო გავრცელებას ხელი ინფიცირებულთა გამოვლენით შეუშალონ.

თებერვლის დასაწყისში, ფენსიანის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ ყველა მოქალაქეს, რომელიც თავისი ინიციატივით მივა ვირუსის შესამოწმებლად, პრემიის სახით 1 000 იუანი, ანუ 143 აშშ დოლარი გადაუხადოს, ხოლო მათ, ვინც მმართველობას შეატყობინებს ინფიცირებულის შესახებ – 500 იუანი, ანუ 71,5 აშშ დოლარი.

პრემიების გაცემის შესახებ მოგვიანებით ჩინეთის სხვა ქალაქებმაც განაცხადეს, მაგალითად შიძიაჯუანის მერიამ განაცხადა, რომ ვინც პირველი შეატყობინებს ხელისუფლებას იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ახალი დაბრუნებულია უხანიდან, მას 2 000 იუანს, ანუ 285 აშშ დოლარს გადაუხდის.

თებერვლის ბოლოს კი, ძიანძიანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველაზე მეტ თანხას კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პირებს გადაუხდის, რომლებიც თავიანთი ნებით მივლენ ექიმებთან. მათ, ხელისუფლება 1 000 იუანს გადაუხდის, ხოლო მათ, ვინც მივა, განაცხადებს და ვირუსი დაუდასტურდება, 10 000 იუანს, ანუ 1 430 აშშ დოლარს.

იმისათვის, რომ აღნიშნული თანხა მიიღო, უნდა შეასრულო ორი ვალდებულება: საკუთარი ნებით მიხვიდე შემოწმებაზე და ეს უნდა გააკეთო 2 მარტამდე.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 82 164 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 801-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 3 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 2 – საფრანგეთში, 4 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 12 – იტალიაში, 13 – სამხრეთ კორეაში, 19 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 32 898 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად