ჩინეთის 5 მოქალაქე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ჩინეთის 5 მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. მოსამართლის განმარტებით, არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების მაღალი საფრთხე.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 7-8 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს ჯგუფურად იძალადეს რამდენიმე პირზე, მათ შორის არასრულწლოვანზე, კონფლიქტის დროს ერთ- ერთი ბრალდებულიც დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. საქმის გამომძიებლის ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის გარდა, ბრალდებულების მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლითაც მიმდინარეობს, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ, კონტაქტები აქვთ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ორგანიზებულ დანაშულის შესახებ.
„მათ ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობა. ერთ ეპიზოდში არასრულწლოვნის მიმართ. გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება ტრეფიკინგის ფაქტზე და ასევე, აღნიშნულ ძალადობრივ ფაქტზე. ის საქმიანობა, რომელზეც დაზარალებული და სხვა გამოკითხული პირები მიუთითებენ, შესაძლოა იყოს, თაღლითური დანაშაულებრივი ქმედება., რომელსაც ისინი ეწეოდნენ. თუმცა, კონკრეტული დეტალები, გამოძიებით, ჯერჯერობით დაუდგენელია, შესაბამისად, ვერ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით, ზუსტ განმარტებას“,-განაცხადა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატის განცხადებით, პროკურორი სხდომაზე მძიმე გარემოებების მოყვანით მანიპულირებდა. თუმცა, თენგიზ კახიძე ამბობს, რომ ამის დამამტკიცებელი არც ერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი.
ადვოკატის ინფორცმაიით, ჩინეთის მოქალაქეები ბათუმში ბოლო რამდენიმე თვეა ცხოვრობენ, ისინი ჩინური სამზარეულოს რეკლამირებას ეწევიან, მათ ჩამოერთვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიმალვას ვერ შეძლებდნენ. რა გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

კომენტარები
იტვირთება...