“ჩინეთი მხარს დაუჭერს ძლიერ ჩინურ კომპანიებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ”

ჩინეთი ძლიერი ჩინურ კომპანიების მხრიდან  საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მხარს დაუჭერს,-ამის შესახებ ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩენგ ჩანგჭმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. მე პირველად ვიმყოფები საქართველოში ვიზიტით და ჩამოსვლის წუთიდანვე ვიგრძენი საქართველოს პარლამენტის და მთლიანად საქართველოს თბილი დახვედრა. ჩინეთიც და საქართველოც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნებია. „აბრეშუმის გზამ“ მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ხალხები ერთმანეთს. ჩვენ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ „ახალი აბრეშუმის გზის“ მშენებლობის პროცესში. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რადგანაც იგი ევრაზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს არის საქართველოს განსაკუთრებული უპირატესობა. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გახდეს სატრანსპორტო დამაკავშირებელი კვანძი და სავაჭრო-ლოჯისტიკური ცენტრი, ახორციელებს 2020 წლისათვის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგემას. ყოველივე ამას ძალიან ბევრი საერთო აქვს „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის პროექტთან, რაც ძალიან კარგ პირობებს ქმნის მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის მიერ საკუთარი ქვეყნის მდგომარეობიდან არჩეულ განვითარების გზას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას. მჯერა, რომ მომავალში, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ჩინეთი მომავალშიც მხარს დაუჭერს ძლიერ ჩინურ კომპანიებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის და ღვინით ვაჭრობის განვითარებაში და მხარი დაუჭირონ საქართველოს აღმშენებლობას. ჩვენი ქვეყნების პარლამენტებიც მომავალში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა უკეთესი საფუძველი შექმნან ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად“, – განაცხადა ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჩენგ ჩანგჭიმ.

ჩინეთის საპარლამენტო დელეგაციამ, ჩინეთის პარლამენტის სახელით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, საჩუქრად 50 პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...