ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: მე რომ ლიდერი მეგონა, ბევრისთვის მიშა ბელადი ყოფილა

ამი შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“2012 წლის ნოემბერი, ან დეკემბერი იყო.

სახლში დაღლილი მოვედი, ბენდუქიძესთან მქონდა შეხვედრა, ტაბულას ტელევიზიის ბიუჯეტს გავდიოდით და ტყავს მაძრობდა.

ტელევიზორი ჩავრთე – ვნახე მიშაა გაჭრილი ველად და ყვირის, რომ ლაზიკა დაჭაობდა და ძროხები შემოესიენ.

——————————-

შეგახსენებთ რა დროა:

ივანიშვილს ახალი მოგებული აქვს არჩევნები, 100 დღეც კი არ გასულა.

ამომრჩეველთან აქვს თაფლობის თვე, ყველა ელის, რომ საქართველო ჭორვილად იქცევა – ივანიშვილი დაუფარავს ვალებს, გაუნახევრებს კომუნალურებს, ააგუგუნებს ქარხნებს … როგორც ხდება ხოლმე, ახალი ხელისუფლების მოსვლისას.

სრული ჰარმონიაა ამომრჩეველსა და ივანიშვილს შორის, გარდა ნაცების მხარდამჭერი 15-17 პროცენტისა, ყველა იმედის თვალით შეჰყურებს ბიძინას!

არანაირი, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს რას ვიტყვით ჩვენ და რა არგუმენტებით დავამტკიცებთ რომ ბიძინა ცუდია – ცალ ყურშიც კი არავინ უშვებს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ისედაც იცის, რომ ბიძინა ცუდია.

——————–

ამ ფონზე, მიშას მინდორში სირბილმა და ძროხებთან ბრძოლამ ძალიან შემაშფოთა.

დავურეკე, მეთქი სად ხარ – სალაპარაკო მაქვს.

სასახლეში ვარ, რაფაელიც აქაა მოდიო – მივედი.

მეთქი რას შვები – რა დროს ძროხებია, ხომ ხედავ რომ ბიძინას ჯერ თაფლობის თვე აქვს და ახლა შენი ასეთი გამოხტომები მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს – არასერიოზულს გხდის.

ხომ შევთანხმდით, რომ შენ, საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფერზე მაღლა დადგები და იპრეზიდენტებ. შიდა ამბებზე, თუ რამეა ჩვენ ვიჩხუბებთ მანამდე, სანამ ქოცებს დიდი “fuck up” არ მოუვათ და ხომ იცი, რომ აუცილებლად მოუვათ და ძალიან მალე.

მიშა თეთრ ცხენზე ხარ – პირველი ლიდერი ხარ რეგიონში, რომელმაც ძალაუფლება არჩევნებით გადააბარა, თუკი რამე შეგშლია, დასავლეთის თვალში რეაბილიტირებული ხარ, დაიჭირე მომენტი და გამოიყენე.

ვიცი რომ “attention whore ” ხარ და ტელევიზორში გინდა, მაგრამ შიდა პოლიტიკას გაეშვი – მეთქი წადი დასავლეთში, გიგა და რაფაელი ტურს გაგიკეთებენ, წადი ჰარვარდში, იელში, ოქსფორდში, კემბრიჯში, think-tank-ებში. შეხვდი იქ ხალხს, წაიყვანე რუსთავი ორი, ილაპარაკე რეგიონზე, რეგიონის გამოწვევებზე – მაგ კუთხიდან დაენახე ქართველ ხალხს, იქიდან ელაპარაკე, გაანებე თავი ამ გოიმ ბიძინას ცოტა ხანი.

ელაპარაკე ამ ხალხს შენ მემკვიდრეობაზე და მაგით გაზარდე აქ შენი მნიშვნელობა, რა ჭაობი და ძროხები აგიტყდა მეთქი – რადგან რაფაელიც იქ იყო, ინგლისურად ველაპარაკებოდი და სიტყვა LEGACY – მემკვიდრეობა ვახსენე.

აი ამ სიტყვის ხსენებაზე გაფუჭდა.

შენო მეო მიწას მაყრიო! რა მემკვიდრეობაზე მელაპარაკებიო – იცი რამდენი წლის ვარო!

მოკლედ, მრავალნაირი მიშა მინახავს – ეგეთი მიშა, არასოდეს მინახავს და არც მინდა რომ ვნახო. ისტერიკაში იყო.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩავიხუტე, ვაწყნარებდი და ვუხსნიდი, რომ მისთვის კარგი მინდა, რომ არავინ მიწას არ აყრის, რომ მისივე პოლიტიკური სიცოცხლისთვის ჯობია, ისე მოიქცეს, როგორც მე ვეუბნები.

————————

სასახლიდან რომ გამოვედი, შოკირებულ რაფაელთან ერთად პირველად და უკანასკნელად “მტკვარზე” წავედი და მაგრად გამოვთვერით.

მას მერე ვიცი, რომ მიშა არის ძალიან, ძალიან ცუდად.

კი, ლორდ აქტონი მართალია – ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.

ეს ვიცოდი.

მაგრამ არ ვიცოდი, ძალაუფლებით გარყვნილებს რას უშვება ძალაუფლების დაკარგვა – და ვნახე.

მას მერე, ვიძახი რომ ეს კაცი, რომელმაც მართლა დიდი როლი ითამაშა ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში, რელსებიდან გადასულია, საშიშია და პირველ რიგში საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

—————————–

2012 წელს მე არ ვიცნობდი პარტიას. მე მიშასთან და პარტიის რამდენიმე ლიდერთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც მიშას თანასწორად თვლიდნენ და შესაბამისი კომუნიკაციაც ჰქონდათ.

ამიტომ არ მქონდა გაცნობიერებული ის, რომ მე რომ ლიდერი მეგონა, ბევრისთვის მიშა ბელადი ყოფილა.

მოკლედ, ამ სიგრძე ამბავი იმისთვის მოვყევი, რომ ახლა მიშათი გაკვირვებულებს მოვახსენო:

მიშა ძალიან კანონზომიერად მოვიდა აქამდე – ძალიანც ცხადი იყო იმთავიდან, რომ აქ მოდიოდა.

მესმის, რომ თქვენ ჩემს შიშებს მიშას მტრობად აღიქვამდით, მაგრამ სინამდვილეში ეგ იყო მეგობრობა – მე მინდოდა რომ ეგ კაცი გადამერჩინა! მე მინდოდა, რომ თქვენი მეშვეობით კედელი გაგვეკეთებინა მაგისთვის, რომ არ გადაჩეხილიყო.

არ გამოვიდა – არ გამოვიდა იმიტომ, რომ უსიტყვოდ მორჩილები არ ემეგობრნენ და დაღუპეს.

ხოდა ახლა ნუ გაქვთ თუ შეიძლება პირები დაბჩენილი.

კი, საცოდაობაა რაც ხდება, მაგრამ განსაკუთრებით პირღიებმა ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად იცოდით და პირადი კომფორტის შენარჩუნების გამო, მიუშვით!”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად