“ჩემს სამშობლოს ხარკი უნდა გადავუხადო” – “არქიტექტურის რაინდი”, 94 წლის გივი თოდაძე ახალ პროექტზე მუშაობს

არქიტექტურის რაინდი-უკვე მრავალი წელია ასე იცნობენ ქუთაისში 94 წლის არქიტექტორს. ხელოვანს, რომელმაც ცხოვრების ათეულობით წელი პროფესიას მიუძღვნა, საქმე კი რომელსაც დღემდე ერთგულად ემსახურება საზოგადოების სამსახურში დგომას გულისხმობს.

გივი თოდაძე ამბობს, რომ არასდროს გადაუწყვეტია ხატვა დაეწყო, უბრალოდ მის ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ხელოვნება შეაყვარეს, მანაც  მისდაუნებურად გაითავისა ეს საქმე და ასე იქცა მისი ცხოვრება ერთ დიდ შემოქმედებად. გივი თოდაძემ Ipress-თან კონკრეტული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ქუთაისისთვის ნაჩუქარ არაერთ პროექტს შორის, ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს რომელს გამოყოფთ?

„დედის ცრემლებს ეროვნება არ აქვს“- ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალი. ამით მუდამ უნდა ახსოვდეს ხალხს, რომ  ჩვენ მაშინ საშინელი ომი გვქონდა და  დედებმა ბევრი ცრემლი დაღვარეს.

ალბათ იყო პროექტები რომლებზეც გიფიქრიათ, მაგრამ ვერ განახორციელეთ და ისეთებიც მუშაობის პროცესში განსხვავებულ რესურსს რომ მოითხოვდა…

რა თქმა იყო, იყო ასეთები. მათ შორის საბჭოთა პერიოდში. მე მქონდა იდეები რომელთა ძირითადი ნაწილის განხორციელებაც შევძელი. რეგიონის მასშტაბით გამოვყოფ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში გაკეთებულ ამ გენიალური შემოქმედის ძეგლს. ვფიქრობ, მაგაზე დიდი არაფერი გამიკეთებია. ასევე მინდა ვთქვა რუსთაველის ხიდზე, რომლის პროექტზეც ვიმუშავე და აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი დასამთავრებელია, ბევრი არქიტექტურული დეტალია დასამატებელი.

ვიცით რომ დღემდე მუშაობთ. ამჯერად რომელ პროექტს  წარუდგენთ საზოგადოებას?

ასაკის მიუხედავად, ვცდილობ მუშაობა არ შევწყვიტო. ნათქვამი მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ არ დავისვენებ. ჩემს სამშობლოს ხარკი ასე უნდა გადავუხადო. მინდა დაგიტოვოთ რაც შეიძლება ბევრი ნამუშევარი თქვენ ყველას, ჩემს ქუთაისს, ჩემს ოჯახს. ახალი მიზანი მაქვს. გახსოვთ ალბათ მემორიალი, რომელიც დაანგრიეს და პარლამენტის შენობა ააგეს. მაშინ მემორიალის აფეთქებისას დედა-შვილი დაიღუპა, ვგეგმავ ამ თემატიკაზე შევქმნა რაიმე.

არქიტექტურის რაინდი გიწოდეს ქალაქში სადაც დღემდე სიყვარულს გასცემთ…

რაინდი კი არა მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი უნდა იფიქროს….

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად