ჩემპიონი გალიდერდა – ექსლიდერი კაპიტანმა დააღალატა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის გათამაშებას ახალი ლიდერი ჰყავს. პანდემიით დაპაუზებული ტურნირის განახლების შემდგომ, მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის მისთვის ჩვეულ პირველ პოზიციაზე აღზევდა.

ზედიზედ მეორე თბილისურ „დერბიში“, რომელსაც ამჯერად ბორის პაიჭაძის ეროვნულმა არენამ უმასპინძლა, „დინამოს“ მეტოქე იყო გათამაშების ლიდერი – „ლოკომოტივი“. მართალია, ეს გუნდი ჯერ კიდევ პანდემიამდე დატოვა წარმატებული 6-ქულიანი სტარტის შემოქმედმა მწვრთნელმა ლევან კორალიძემ, თუმცა მას საკმაოდ კარგი შემცვლელი მოუძებნეს სოსო ფრუიძის სახით. ისიც აღსანიშნავია, რომ ზედ ტურნირის განახლების წინ „ლოკო“ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელით გაძლიერდა, რომელთაგან ორს გამოვარჩევთ,  გუნდს შეუერთდა წლების განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა გუნდში მოასპარეზე სანდრო კობახიძე და პოლონეთის „კორონადან“ „კორონას“ პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნებული ვატო არველაძე.
ჩემპიონი კი როგორც ტურნირის განახლებას, ისე გუშინდელ შეხვედრას დანაკლისით შეხვდა. გუნდი დატოვა და თურქულ გრანდ „ბეშიქთაშთან“ კონტრაქტი გააფორმა დინამოს კაპიტანმა ნიკა ნუნუამ. თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაყოფიერად პანდემიით გამოწვეული პაუზა სწორედ თბილისის „დინამომ“ გამოიყენა, რომელიც ძალიან ლამაზ სტილში, ზედიზედ მეორე შეხვედრის განმავლობაში ქვას ქვაზე არ ტოვებს. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგის დაცვის ხაზიდან წინა ტურში „დინამომ“ ექსჩემპიონი „საბურთალო“ 3:0 დაამარცხა, ამჯერად „ლოკომოტივს“ ესეც არ აკმარა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი მასპინძლების სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.

ბედის გადამწყვეტი ეპიზოდი 43-ე წუთზე განვითარდა, სტუმართა კაპიტანმა დავით უბილავამ ზედიზედ მეორედ იუხეშა ბრაზილიელი პერნამბუკოს წინააღმდეგ, ყვითელი ბარათი წითელში გადაუკვალიფიცირდა და მოედნის დატოვება მოუხდა. 10-კაციანმა „ლოკომოტივმა“ შეხვედრის მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან პრაქტიკულად თეთრი დროშა გამოფინა, გოლები ერთიმეორის მიყოლებით გაიტანეს კობოურმა, კაპაანძემ და პერნამბუკომ (სადებიუტო საქართველოს ჩემპიონატში), კიდევ ერთი გოლი, უფრო ზუსტად, ავტოგოლი თორნიკე კირკიტაძის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების წყალობით თბილისის „დინამომ“ დააგროვა 8 ქულა და დიდი ალბათობით, ტურის ხვალინდელი შეხვედრების შემდგომაც შეინარჩუნებს მოწინავე პოზიციას. მისი დაწევის თეორიული შანსი აქვს გორის „დილას“, რომელიც 5 ქულით მესამე პოზიციაზეა და ხვალ ითამაშებს. აქვე ვიტყვით, რომ ერთი დღით ადრე ბათუმში გაიმართა პრინციპული შეხვედრა ადგილობრივ „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შორის, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა ზღვისპირელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა.

ხვალ და ზეგ გაიმართება შემდეგი შეხვედრები:

4 ივლისი ჩიხურა – დილა, თელავი- სამტრედია, 5 ივლისი მერანი – ტორპედო.

სტატიის ავტორი მიხეილ აბაიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად