“ჩემი ოცნებაა, ისე არ მოვკვდე, საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცები არ ვნახო”, – ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება თეორიულად საქართველოსთვის შანსია, რათა დაჩქარდეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ პოლიტიკოსების ნაწილმა ეს გადაწყვეტილ ამბად ჩათვალეს რაც არასწორია.

ცინცაძე იხსენებს ბუქარესტის სამიტს, სადაც ასევე გადაწყვეტილი ეგონათ საქართველოსთვის მაპის მინიჭება, თუმცა ეს მერკელმა დაბლოკა. ამბობს, რომ ახლაც თუ დადგება საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი, ამის წინააღმდეგები ისევ მერკელი და მაკრონი წავლენ, რასაც გაითვალისწინებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში სოსო ცინცაძე საუბრობს:

_ საქართველოს ეწვია ამერიკის სახელმწიფო მდივანი. რეალურად მაიკ პომპეო საქართველოში რამდენიმე საათით იყო, მაგრამ საქართველო არ არის განებივრებული ამ დრონის პოლიტიკური ფიგურების ვიზიტებით. რა მთავარი გზავნილები დაინახეთ თქვენ პომპეოს ვიზიტის შედეგად?

_ ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააზვიადა ვიზიტის მნიშვნელობა. ჯერ ერთი რამდენიმე საათით იყო და 2 დღით ჩამოდისო. რა 5 საათი 48 საათად იქცევა? თუ რომ ეძინა ისიც ჩაუთვალეს? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რიგითმა ქსენია დიასახლისმა იფიქროს, რომ პომპეო არა ტრამპის მინისტრია, არამედ ბაიდენის დანიშნული მინისტრი, რომელიც 4 წელი უნდა იყოს და არა მინისტრი, რომელიც პოსტს 2 თვეში დატოვებს.

ზალკალიანს ვუსმინე 10 წუთი და მერე მომბეზრდა უკვე, ისე საუბრობდა. ამდენი წელია მინისტრია და როგორც ჩანს კარისკაცად უფრო ჩამოყალიბდა, ვიდრე პროფესიონალ დიპლომატად. ამბობს, რომ სამომავლოდ ამერიკა უფრო მეტად იქნება ჩვენი მოკავშირე და ა. შ. პომპეოს ვინ ჰკითხავს, მომავალში უფრო მეტად იქნება თუ უფრო ნაკლებად? ეს ხომ ელემენტარულად ხალხის მოტყუებაა?!

გამიკვირდა, ზოგიერთ ჩემ კოლეგასაც კი წამოსცდა, რომ ამერიკაში მემკვიდრეობითია და იქ პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მაგრამ არაფერი იცვლებაო. კი, მემკვიდრეობითი იყო მეორე მსოფლიო ომიდან 2016 წლამდე. როგორც კი ტრამპი მოვიდა, ეს მემკვიდრეობითობა დაირღვა. აღარ არის. ტრამპმა მემკვიდრეობითობას დედა უტირა. რაში იყო მემკვიდრეობითობა? – ჩინეთთან ურთიერთობაში, კლიმატის ხელშეკრულებაში, ირანთან ხელშეკრულებაში, ევროპასთან, ნატოსთან თუ რაში?!

_ ტრამპი მიდის და ამ მემკვიდრეობითობის პრინციპს აღარ გააგრძელებენ?

_ ტრამპის? – მოკვდა. დაივიწყეთ ყველაფერი.

_ ზოგადად ამ პრინციპს ვკითხულობ და არა კონკრეტულად ტრამპის.

_ ტრამპმა გაწყვიტა ეს მემკვიდრეობითობა. ბაიდენი შეეცდება აღადგინოს ობამას და წინა პრეზიდენტების.

_ ანუ, ტრამპის მოღვაწეობა საერთოდ უნდა ამოშალონ ფურცლიდან?

_ საინტერესო განცხადება გაავრცელა ბარაკ ობამამ. ბოდიში მომითხოვია ამ ტერმინისთვის და კარგი იქნება ჩვენმა ექსპერტებმა წაიკითხონ. ობამა წერს, რომ ბაიდენის ოთხწლიანი მმართველობა საკმარისი არ არის. ტრამპმა ისე ღრმად დაანგრია ყველა ინსტიტუტი და ამერიკის როლი მსოფლიოში, რომ ბაიდენის ოთხწლიანი მმართველობა საკმარისი არ იქნება.

რასაკვირველია მე ბაიდენი მირჩევნია ტრამპს ათი თავით. ვიცი, რომ ბაიდენის დროს საქართველოს მეტი ყურადღება ექნება დათმობილი, ვიდრე ტრამპის დროს. ვიცი, ეს ყველაფერი, მაგრამ პომპეოს ამასთან არაფერი კავშირი არ აქვს.

_ ანუ ეს იყო ვიზიტი ვიზიტისთვის?

_ გზად შემოიარა. გაიგო რა ხდება. მე პროფესიონალი ვარ და მიყვარს ანალოგიები. კენედი რატომ გაება კუბის ხაფანგში და ბოლოს გადაყვა კიდეც?!

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მაშინ მემკვიდრეობითობა იყო. კენედიმ გააგრძელა ეზენჰაუერის პოლიტიკა ფიდელ კასტროსადმი, რომელსაც ადგენდნენ ძმები დალესები. ჯონ ჰოსტერ დალესი და ალან დალესი. ერთი სახელმწიფო მდივანი იყო, მეორე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი. მაშინ იყო მემკვიდრეობა.

ტრამპი როდესაც მოვიდა ბულდოზერით გადაუარა მთელ ტრადიციებს და მემკვიდრეობა ამოძირკვა.

_ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება. მართალია დარღვევებზეც არის საუბარი, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციას პირდაპირ მოუწოდებენ, რომ შედით პარლამენტში და ვითარება საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეცვალეთო. ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს პოლიტიკაც შეიცვლება?

_ ბაიდენის პირობებში რასაკვირველია მიდგომები შეიცვლება. წეღან ვთქვი, რომ ამერიკის პირმშო იყო ნატო. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ბაიდენის პირმშოა ახალი უკრაინა. მაშინ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო და ყველაფერი გააკეთა, რომ ახალი უკრაინა ისეთი ყოფილიყო, როგორადაც შემდეგ იქცა. ამიტომ, უკრაინას მეტი ყურადღება ექნება. ვინაიდან ჩვენ კავშირში ვართ უკრაინასთან და ნატოს კანდიდატად ვითვლებით, ჩვენც მეტი ყურადღება გვექნება. თუმცა, მე გამოვრიცხავ, რომ ჩვენთან სამხედრო ბაზები შეიქმნას.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის რუსეთთან ურთიერთობაში პრიორიტეტი არის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების კურსის გაგრძელება. 2021 წელს ვადა გასდის ამის შესაბამის ხელშეკრულებას. ბაიდენი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს, ტრამპი წინააღმდეგი იყო, უფრო სწორად ძირითადად კონგრესი. თუ ბაიდენმა კურსი აიღო ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მაშინ ის რუსეთს არ გააცოფებს. მაშინ მან ყველაფერს უნდა გადახედოს, განიარაღებას და ა. შ.

_ თუმცა, ვხედავთ, რომ რუსეთი ჩვენ რეგიონში სულ უფრო და უფრო აკონტროლებს ვითარებას. ეს გარკვეული შანსი არ არის საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების თვალსაზრისით?

_ შანსი ყოველთვის არის, მაგრამ შანსი არ ნიშნავს მის რეალიზებას. ჩვენ შანსი ერთი ათჯერ გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ის, რომ რუსეთი გაძლიერდა მთლად ასეც არაა. არის საკითხები, რაც ამას ეჭვქვეშ აყენებს. სომხებს სხვა გზა არ აქვთ, მაგრამ ეს არის იძულებითი და თუ ისინი ადრე მეტად ენდობოდნენ რუსეთს, დღეს ეს ნდობა დაიკარგა. როგორც კი რუსეთს იქით რაღაც ვარიანტი გამოჩნდება მათთვის, სომხები გაიქცევიან იქითკენ. გარდა ამისა, თურქეთის გაძლიერება სომხეთისთვის სულაც არ არის საჩუქარი. ნუ გგონიათ, რომ რუსეთის მეფეების ახირება იყო თურქეთთან ომი – 8 დიდი ომი და 15-მდე პატარა ომი. ეს ახირება არ ყოფილა კანონზომიერება იყო.

შემთხვევითი არც ის იყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების დღისთანავე ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდა დაუგეგმავად. ამიტომ, ცოტა მეტი სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ. კი, რუსეთმა ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სტრატეგიულად ვერა.

_ ეს გასაგებია, მაგრამ მე ვკითხულობ იმას, რომ თუ სწორად ვიმუშავებთ, ხომ არ არის შანსი დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია?

_ თუ სწორად ვიმუშავებთ, შანსი კიდევ იქნება, მაგრამ ის რომ გადაწყვეტილია, ასე არ არის. ვუსმენ ზოგიერთ ჩვენ პოლიტიკოსს და თან ვალიდოლს ვსვამ, რომ ამ სისულელეებისგან გული არ წამივიდეს. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ჯერ ბაიდენი მოვიდეს. კი ამბობს ბაიდენი, რომ რუსეთი საფრთხეა, მაგრამ თუ ნიქსონის პოლიტიკას დაუბრუნდა? ნიქსონი იყო ყველაზე ანტისაბჭოთა პრეზიდენტი, მაგრამ მის დროს გაფორმდა ყველაზე დიდი ხელშეკრულებები განიარაღებაზე. მის დროს დაიწყო ბრეჟნევის სიარული ამერიკაში და ნიქსონის ვიზიტები რუსეთში. ეს არის დიპლომატია. ამიტომ, ნუ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი და ამერიკის ბაზა გაჩნდება საქართველოში.

_ ასე მარტივად პირადად მეც არ ვუყურებ პროცესს, მაგრამ მე ვამბობ შანსსა და შესაძლებლობაზე.

_ თეორიულად კი. ამერიკას სხვა გზა არ დარჩა, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს ეს სტრატეგიული რეგიონი, მთელი ფსონი უნდა დადოს საქართველოზე. სომხეთი გამოირიცხა, აზერბაიჯანი არასოდეს არ ყოფილა და ერთი საქართველოა. მაგრამ, გავიხსენოთ, რომ ნატოს სავალ გზაზე ყველაზე ახლოს ბუქარესტის სამიტის დროს ვიყავით, სადაც თითქოს გადაწყვეტილი იყო მაპის ჩვენთვის მინიჭება. პრეზიდენტი ბუში ორივე ხელით მომხრე იყო, მაგრამ ევროპელებმა ჩააგდეს. მერკელმა ჩააგდო.

დღეს რა გგონიათ ბაზების საკითხი რომ დადგეს რა მოხდება? პირველი ამის წინააღმდეგი ისევ მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი წავლენ. ბაიდენი გაუწევს ევროპას ანგარიშს გაცილებით მეტად, ვიდრე ამას ტრამპი აკეთებდა. ამიტომ არ არის ეს საკითხი ასე მარტივად. თუმცა, ძალიან მინდა. ჩემი ოცნებაა, რომ ისე არ მოვკვდე, ამერიკელი ჯარისკაცები არ ვნახო საქართველოში. რა ვქნა? მელოტ თავს ქოჩორა თავი სჯობს, მაგრამ არ მაქვს ქოჩორი და ვერც ამოვიყვან.

ამერიკის მთავარი საზრუნავი ახლა ისრაელის დამშვიდებაა და ამიტომ წავიდა საქართველოდან პომპეო თელავივში. იცის, რომ ნეთანიაჰუ შეშფოთებულია. ასევე იცის, რომ ბაიდენმა შესაძლოა აღადგინოს ხელშეკრულება ირანთან. თუ ირანი ბომბს შექმნის, ისრაელში მშვიდი ძილი არავის აღარ ექნება. ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართული იყო იმაზე, თუ რითი დახმარებოდა და კარგი რა გაეკეთებინა ისრაელისათვის. ტრამპს ამერიკისთვის არ გაუკეთებია იმდენი სიკეთე საგარეო პოლიტიკაში, რაც ისრაელს გაუკეთა.

ვიცით, რომ პომპეომ თავისი თანაშემწე დატოვა საქართველოში ოპოზიციასთან შესახვედრად, მაგრამ მერე რა?

_ ეს შეხვედრაც არაფერს არ ნიშნავს?

_ არაფერს არ შეცვლის. იმიტომ, რომ პომპეოს რაც შეიძლება გაეკეთებინა საქართველოში და რა კურსიც აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებით, ეს უკვე იცის ამერიკის ელჩმა დეგნანმა და ის ამას ისედაც აკეთებს. უბრალოდ, ეს შეხვედრა არის ჩვენი პოლიტიკოსების დასამშვიდებლად, რადგან ულამაზოდ გამოდიოდა. თანაც იან კელი [ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში] არ არის ხელწამოსაკრავი დიპლომატი, რომელმაც უსაყვედურა თავის განცხადებაში – რატომ არ ხვდებით ოპოზიციასო. ამიტომ, პომპეომ ბოლო წუთებში მიიღო ეს გადაწყვეტილება. თვითონ ისრაელში ეჩქარებოდა და დატოვა მოადგილე, რომ შეხვდი და დაელაპარაკეო. კი ბატონო, დაელაპარაკება, მაგრამ ამის გამო უკვე ხვალ გამოვლენ „ოცნების“ ლიდერები და იტყვიან, რომ მორჩა დაინიშნა ხელახალი არჩევნებიო?! ნეტა ეს მოხდეს და ეს იქნება ეს იშვიათი შემთხვევა, როდესაც მე ჩემი შეცდომა გამეხარდება, მაგრამ არ მოხდება. დიპლომატია სულ სხვა სფეროა და ასე არ ხდება.

ნუ დავალთ „ობივაწელის“ დონეზე. ხომ ხედავთ, რომ ინტელექტუალური დონე საქართველოში დღითიდღე დაბლა ეცემა. პარლამენტში წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი მოდის უკვე, ორი წიგნი რომ არ აქვთ წაკითხული, ისეთი ხალხი მოდის და საზოგადოება მაინც დარჩეს რაღაც დონეზე… ელემენტარულად რეალური პოლიტიკა გავმიჯნოთ მოჩვენებითისაგან.

ღმერთმა ქნას, რომ მე შევცდე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდება და მე არ ამომივა თავზე თმა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად